„ინფორმაცია სანდრო ბრეგაძის ცემის შესახებ არის მტკნარი სიცრუე და შსს აღნიშნულს არ ადასტურებს", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
„ხვალ დილით, ექიმების თანხმობის შემთხვევაში, სანდრო ბრეგაძეს მოუწევს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემის გაგრძელება", - განაცხადეს შსს-ში.
როგორც „ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, სანდრო ბრეგაძეს აღენიშნებოდა ტაქიკარდია, რის გამოც ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
არსებული ინფორმაციით, ბრეგაძემ პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც ის გულის ჩივილებით კლინიკაში გადაიყვანა.
ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, ნინო აქიაშვილის ინფორმაციით კი, სანდრო ბრეგაძის მდგომარეობა ამჟამად არის დამაკმაყოფილებელი. მისივე თქმით, ის კლინიკაში მიიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, არ აღენიშნება გარეგანი დაზიანებები და ტრავმის კვალი. ექიმის განმარტებით, პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მისივე მოთხოვნით მოათავსეს და ამჟამად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
სანდრო ბრეგაძე დღეს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ჩვენებას „რუსთავი2"-ის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამო აძლევდა. „ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ: „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა".