logo_geo
eng_logo
შსს: ერგნეთში სამუშაო ფორმატში შეხვედრები განახლდება
- +

21 მარტი. 2018. 10:25


„ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გარდაცვლილი ჩვენი თანამოქალაქის მკვლელები დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ გადაცემა „პირისპირში" განაცხადა.


მისივე თქმით, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. საბანაძე აცხადებს, რომ ცხედრის გადმოცემის შემდეგ განახლდება შეხვედრები ერგნეთის ფორმატშიც, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის კონტექსტში ქართულმა მხარემ შეაჩერა. ამ შეხვედრებს საბანაძე ეფექტურს უწოდებს.


1 მარტს ქართულმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით პასუხი რომ ვერ მიიღო სხდომა დატოვა. მას შემდეგ ამ დრომდე ამ ფორმატში შეხვედრები აღარ გამართულა.


26-დღიანი ლოდინის შემდეგ, ტატუნაშვილის ცხედარი, წითელი ჯვრის მონაწილეობით, ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს.

 

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ქართულ მხარეს ცხინვალის ვერსიის არ სჯერა და მიაჩნია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.


არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას საერთაშორისო დონეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner