„ანზორ ბურჯანაძე 85 წლისაა - სიმაღლე სულისა..." - ამის შესახებ ორგანიზაცია „სტალინის" თავმჯდომარე გრიშა ონიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ძველი სიბრძნეა, რომ ბრძოლის ველზე მალე ბერდებიან ადამიანები. თუმცა სიბერეც არის და სიბერეც. ბევრი უბრძოლისველოდაც ადრევე ბერდება, ბევრიც, რასაკვირველია, ჭეშმარიტ მამულიშვილებზეა ლაპარაკი, სულით ისევ ახალგაზრდა რჩება თავის წელთსიმრავლეში, თუმცა თავისი ხანგრძლივი ცხოვრება ქვეყნის კეთილდღეობისთვის შრომასა და ბრძოლაში აქვს გატარებული. სწორედაც ასეთ ჭეშმარიტ მამულიშვილთა არცთუ დიდად მრავალრიცხოვან ლაშქარს მისათვლელია უთუოდ დიდად ღვაწლმოსილი მეოცესაუკუნელი, კაცობაში ჩაუჭრელი, მთელ გრძელ საუკუნეზე 15 წლით უმცროსი ანზორ ბურჯანაძე, რომლის ფიზიკური და სულიერი სიმაღლე ერთმანეთის თანაბარია. სწორედ ამ ხანმრავალ, მაგრამ სულითა და გულითაც ისევ ახალგაზრდა მეგობარზე წერს თავის ფილოსოფიურ-ლიტერატურულ ეტიუდს ცნობილი საზოგადო მოღვაწე, სიმართლისათვის მუდამ ხმალამოღებული, სვანური მურყვამივით შეუვალი გრიშა ონიანი, რომლის გულწრფელ მეგობრულ სიტყვებს ასევე მთელი გულწრფელობითა და პატივისცემით უერთდება „საქართველოს რესპუბლიკის" რედაქციაც.
გაგიმარჯოთ, ბატონო ანზორ! საუკუნემდე დარჩენილი 15 წელიწადიც ასეთივე სულიერი სიმაღლით გევლოთ!
„ისტორია შემთხვევითობის სამეფოა, მისი მეფე კი კანონზომიერებაა". ეს ფართოდ ცნობილი და ბოლომდე აუხსნელი ფენომენი ბევრ საიდუმლოებას და ნაცარგადაყრილ სიმართლეს ახდის ფარდას ადრე თუ გვიან და, ვინ იცის, როდის აიხსნება და ბოლომდე დაზუსტდება იმ ეპოქის ავი და კარგი, რასაც ჩვენმა თაობამ თავისი ძალა და ენერგია და ცოდნა დაუზოგავად შესწირა.
ანზორ ბურჯანაძე მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის პარტიული და სამეურნეო ელიტის ტიპიური წარმომადგენელია, მისი სიდინჯე, მოზომილი სიტყვა, ღრმაშინაარსიანი აზროვნება, შინაგანი ენერგია და გოლიათური აღნაგობა იმის შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ ეს კაცი უპირველესად ძლიერ ოჯახშია აღზრდილი და შემდეგ ძლიერი ქვეყნის ძლიერი მშენებელია. თუ ვინმე დაინტერესდება, რა ხელმა დააშრო ათასწლეულებით ცნობილი კოლხეთის ჭაობი? სწორედ ისეთმა ადამიანებმა, როგორიც ანზორ ბურჯანაძეა; ვინ ააშენა სამგორის სარწყავი სისტემა? სწორედ ისეთმა კაცებმა, როგორიც ბატონი ანზორია; ვინ შექმნა ქართული გიგანტები: რუსთავის მეტალურგიული და ქუთაისის საავტომობილო ქარხნები? ვინ აღმართა ევროპაში სიმაღლით მეორე კაშხალი ენგურზე და ვინ შექმნა 300 ათასიან ქალაქში მეორე უნიკალური მიწისქვეშა ქალაქი? ანზორ ბურჯანაძის ძმებმა და მეგობრებმა, რომელთა მკერდზეც კიაფობდა უამრავი უმაღლესი ხარისხის ორდენები და მედლები თავიანთი გმირული შრომის აღსანიშნავად.
ვინ დათვალოს რამდენი ზვარი და ხეხილის ბაღი დახუნძლულა მუყაითი შრომის და გარჯის შედეგად, რომლის თავი და თავი ყოველთვის პარტიის რაიონული კომიტეტი იყო სამეურნეო მუშაკებთან ერთად!...
ბატონი ანზორ ბურჯანაძე დღესაც რაიკომის მდივნის სახელწოდებასთან ასოცირდება და საზოგადოება თანდათან რწმუნდება დროისა და გარემოს შესაფერისად იყო თუ არა საჭირო ისეთი რაიკომის მდივანი, როგორიც ანზორ ბურჯანაძეა.
ანზორ ბურჯანაძე არასოდეს არ ყოფილა ორთოდოქსი კომუნისტი, ის, სადაც უნდა ყოფილიყო, უწინარესად ქართველი პატრიოტი იყო, იგი პირველი გამოეხმაურა ეროვნულ მოძრაობას და არაერთი ფრიად მნიშვნელოვანი და ღრმაშინაარსიანი წინადადება დააყენა იმჟამინდელი ხელისუფლების წინაშე ქვეყნის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ხავერდოვანი გარდაქმნის თაობაზე, რის უგულებელყოფამაც დაღუპა ქვეყანაში, როგორც ეროვნული მოძრაობა, ისე ქვეყნის განვითარების პერსპექტივა მრავალი წლის განმავლობაში.
მოყვრის მოძულეთ („მოყვრის მგმობი მტრის არმცნობი". ილია ჭავჭავაძე) ბევრი რამით შეუშალა ქვეყნის განვითარებას ხელი, ახალ-ახალმა ხელისუფლებებმა ნაგავზე მოისროლეს ხელებდაკოჟრილი და ოფლით შუბლდაღარული ქვეყნის მშენებელი ადამიანები, რაც ძალზე ძვირად დაუჯდა, როგორც მოსახლეობას, ისე მთლიანად ქვეყანას. მაგრამ ამით ბატონი ანზორი არ გაბოროტებულა, ის ყოველთვის მხარში ედგა ქვეყანას და ხალხის საქმეს და ყოველთვის ახარებდა და დღესაც ახარებს ქვეყნის მცირედი წარმატებაც კი.
ბატონო ანზორ!
შენ მეგობრობის მეფე იყავი და მეფე ხარ დღესაც, აკი ამიტომაც ხშირად შემოგძახებთ თქვენი ქალიშვილის სადღეგრძელოზე:
- „სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა და სული".
დღეს კი სავსეა ოჯახი სიბრძნით, კაცობით, გამბედაობით და ქართლის დედებით. „ბედნიერ ერს" (ილია) უკეთესად არ შეუძლია შეიყვაროს და დააფასოს თავისი რჩეული ადამიანები ვიდრე თქვენ უყვარხართ და გაფასებენ.
დიდი ვაჟა-ფშაველა სინანულით წერდა:
- „თუ ვერ ვიგუეთ ვერ შევიფარეთ,
კარგი შვილები რად გვებადება?"
ქვეყნის შემდგომი წინსვლის გზა შემდეგნაირად არის გამოთქმული ქართულ ანდაზაში:
- „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა".
ამაზე ხომ დიდ კონსტანტინეს დიდებულად აქვს პასუხი გაცემული თავის გენიალურ „დიდოსტატის მარჯვენაში".
ბატონო ანზორ, მე შენი ერთი საყვარელი სტროფი ყველაზე მეტად მომწონს, რომელსაც ხშირად იმეორებ ვაჟას შემოქმედებიდან:
„გუშინწინ გნახე, გუშინაც,
გველი სწამლავდა იასა,
აშლიდა შხამსა და გესლსა,
ვერ კი აძლევდა ზიანსა".
მე კიდევ ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი და სათქმელი, მაგრამ ცოტა რამ ხომ უნდა შემოვინახო 100 წლის იუბილეზე სათქმელად და დასაწერად.
შენი ძმა, გრიშა ონიანი", - წერს ონიანი.