თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული დ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 20:50 საათზე, გადაჭრილი თოფით შეიარაღებული დ.შ. თავს დაესხა ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" „ექსპრეს ფილიალს" და თანამშრომლების მიმართ განხორციელებული სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა „საქართველოს ბანკის" კუთვნილ 7325 ლარს, 8353 აშშ დოლარს და 5415 ევროს. სამართალდამცველებმა დ.შ. ბანკიდან გამოსვლისთანავე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული.
დ.შ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.შ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.