ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
დღეს თბილისში დაკრძალავენ თენგიზ მენთეშაშვილს, რომელიც 88 წლისა გარდაიცვალა მოსკოვში, ბოლო თანამდებობა, რომელიც მას ეკავა, ერთობ მაღალი და პასუხსაგები იყო: სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი. ამ პოსტზე იგი დაინიშნა 1982 წელს, როცა მოილოდნელად გარდაიცვალა მისი წინამორბედი მიხეილ გიორგაძე. მანამდე თენგიზ მენთეშაშვილი საქართველოს კომკავშირის მეორე მდივანი გახლდათ, როცა პირველი მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, თავკაცობდა კომპარტიის რუსთავის ორგანიზაციას, ეკავა მაღალი თანამდებობები პარტიულ იერარქიაში, ბოლოს კი, მოსკოვში გადასვლამდე იყო კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. რეალურად, მაშინდელი პრაქტიკის გათვალისწინებით, ის იყო დედაქალაქის პირველი პირი. თანამდებობრივად და შევარდნაძესთან თანამებრძოლის უახლოესი მეგობრული ურთიერთობის გამო ის გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოსანი საქართველოში. ამას ემატებოდა ადამიანური თვისებების -კეთილშობილების, პრინციპულობის და პატიოსნების ნაზავი, პლიუს თბილისის საქალაქო პრობლემების ღრმა ცოდნა. აქედან გამომდინარე, მისი ავტორიტეტი დიდი იყო და ის გულწრფელად უყვარდათ. ხაზგასმულად უნდა ითქვას, რომ ძირძველი თბილისური ოჯახის შვილი, გრიგოლ კობახიძის -77-ე სკოლის ცნობილი დირექტორის გაზრდილი ავლაბრელი ყმაწვილი, რა თქმა უნდა, შეყვარებული იყო თბილისზე და მშობლიური ქალაქისთვის ბევრი რამ გააკეთა. მის სახელთან არის დაკავშირებული ძველი უბნების აღდგენა-რესტავრაციის პროცესის დაწყება, რიყის, ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია, მეტეხის კლდის გვირაბის მშენებლობა... მას ეკუთვნოდა "თბილისობის" დღესასწაულის და "საპატიო თბილისელის" წოდების შემოღების ინიციატივა. ერთი სიტყვით, თენგიზ მენთეშაშვილი ერთობ დადებითი აურის მატარებელი პიროვნება გახლდათ და გულწრფელი სინანული, რომელიც მის გარდაცვალებას მოჰყვა, აბსოლუტურად ალალია. ბუნებრივია, ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობის გამო, მასთან სისტემატური კონტაქტი მქონდა. არ იყო ეს ურთიერთობა მარტივი. მაშინდელ ტელევიზიას და რადიოს ერთობ აქტიური პოზიცია ეკავა დამნაშავეობასთან, კორუფციასთან, უზნეობასთან და სხვა ნაკლოვანებებთან მიმართებაში და, ბუნებრივია, კრიტიკული პათოსი თბილისის რეალობასაც წვდებოდა და ქალაქის პირველი პირი ამ ჩვენს კრიტიკულ გადაცემებს დიდი აღტაცებით არ ხვდებოდა. მაგრამ, გარეგნულად არ იმჩნევდა და მისი ურთიერთობა ჩვენთან არ გასცდენია კორექტულობის ფარგლებს. ტელერადიოკომიტეტის სამიათასკაციანი კოლექტივი ერთ-ერთი დიდი, მრავალრიცხოვანი სტრუქტურა იყო და მისი ყოფითი თუ საზოგადოებრივი ცხოვრება ხშირად ითხოვდა დედაქალაქის ხელმძღვანელობის ყურადღებას. თენგიზ ბატონი გაგებით ეკიდებოდა ამ პრობლემებს, ხშირად "მეჯიჯღინებოდა", მაგრამ, საბოლოოდ... მაინც ჩვნს სასარგებლოდ წყვეტდა საჭირბოროტო პრობლემატიკას. და დღეს, როცა მთავრდება მისი ამქვეყნიური ცხოვრება, მინდა გავიხსენო ორი ფაქტი (მრავალთაგან), რომელიც მეტ-ნაკლებად ხსნის ამ კარგი კაცის ბუნებას.
ერთი, ე.წ. "პირადული" ხასიათისაა და გოდერძი ჩოხელს ეხება. გოდერძის მანდამაინც არ მოსწონდა (და არც მალავდა ამ დამოკიდებულებას) ბატონი თენგიზი, რომელმაც ერთხელ, მისი ფილმის დახურული ჩვენებისას კრიტიკულად შეაფასა გოდერძის "ნაოფლარი". თენგიზმაც საიდღანაც გაიგო ეს და ერთი-ორჯერ მის გამო მეც "წამკბინა". დამიდგა ის დღე, როცა გადასაწყვეტი მქონდა ტელერადიოკომიტეტის "სიძის" - გოდერძი ჩოხელის ბინის საკითხი. იმ დროს უმკაცრესი კონტროლი იყო დაწესებული ბინების განაწილებაზე და კანონის დამრღვევი სასტიკად ისჯებოდა. ამიტომ, რიგითობის დარღვევას ვერავინ ბედავდა. აბა, გოდერძი და ნინო - "მოამბის" ჟურნალისტი რა აღრიცხვაზე იქნებოდნენ და... არადა, უნიჭიერესი გოდერძი რომ ხელშეწყობას იმსახურებდა, ეს ორჯერ ორი გახლდათ ჩემთვის და არამარტო... პირადულიც "მავალდებულებდა": გოდერძიმ მეჯვარეობა მთხოვა და... ხელცარიელი ხომ ვერ მივიდოდი ამ ცერემონიაზე. სხვა გამოსავალი არ მქონდა და წავედი ედუარდ შევარდნაძესთან, რომელიც, არც ბევრი, არც ნაკლები, - უბრალოდ, შეყვარებული იყო გოდერძიზე. მომისმინა, გამიგო და... ამას მენთეშაშვილის გარდა ვერავინ გაგვიკეთებსო და დაურეკა... უნდა გენახათ, როგორ "ჩაახუჭუჭა" შევარდნაძემ, ცაში აიყვანა გოდერძი, ცოტა მეც "ჩამიშვა" და თენგიზს სთხოვა (!), მხარი დაეჭირა ჩემთვის... მივედი თენგიზთან. რა თქმა უნდა "მეჯიჯღინა", გაიხსენა ფილმთან დაკავშირებული "შეხლა-შემოხლა" და... ვეძებთ გამოსავალს, როგორ დავარღვიოთ კანონი ისე, რომ... არ დავარღვიოთ.:-)) ვთავაზობ გამოსავალს: მასესხოს ერთი ბინა იმ ანგარიშით, რომ ტელერადიოკომიტეტის ყოველწლიური შენატანებით კვადრატულის "ნ"-რაოდენობა გვეკუთვნის და წინასწარ თუ მოგვცემს ქალაქის საბჭო (მაშინდელი მერია), მერე გავისტუმრებთ... ოღონდ ერთი სათხოვარი - ნუ იქნება ეს ბინა ძალიან შორს, ახალ მასივებში... ისევ "ჯიჯღინი" და წადი, წერილი - თხოვნა მომიტანეო... მე ღიმილით მივაწოდე უკვე "გაშანშალებული" არზა... თავადაც გაეცინა და... მოვიფიქრებო! მეორე დღეს ზარი: ვაკე ვერ გაგიკეთეთ და ძველი დიღმით დაკმაყოფილდითო. გავვარდით. ვნახეთ და... გოდერძის ოჯახი ახლაც იმ მშვენიერ ბინაში ცხოვრობს.
და ბოლოს: როცა გოდერძისთვის და ნინოსთვის ბინის გამოყოფის დადგენილება გამოვიდა, არ ეწერა, რომ ეს სესხად ეძლეოდა ტელარედიოკომიტეტს. არ მინდოდა ეს "ეშმაკობაში" ჩამთვლოდა და თენგიზს დავურეკე... ისევ "ჯიჯღინით": არ ხარ შენ მაგ ვალის დამბრუნებელი და ჰქონდეს მაგ უნიჭიერეს ბიჭს ეგ ბინა თბილის - ქალაქიდან საჩუქრადო... ასეთი უნაღდესი კაცი გახლდათ მენთეშაშვილი, არაბოღმიანი, სიკეთით სავსე...
ბარემ, მეორე ისტორიასაც გავიხსენებ, უკვე საზოგადოს, სახელმწიფოსთან დაკავშირებულს... "დედა ენის" 100 წლისთავისთვის ვემზადებით. განათლების სამინისტროს მეთაურობით კეთდება უამრავი რამ... გამოიცა ძველი "დედა ენა", "ბუნების კარი", იაკობ გოგებაშვილის სხვა ნაღვაწი... მოწესრიგდა მუზეუმი, პოეტური კრებული. რეზო ლაღიძემ წინა დღით ღამე გაათენა და ფანტასტიური სიმღერა შექმნა... სამი-ოთხი დღით ადრე, ვსხედვართ ჩემთან ორგანიზატორები თემურ ჟღენტის თავკაცობით, ჩვენთან ერთად არის ასაკოვანი ბატონი უშანგი ობოლაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, ცოცხალი ენციკლოპედია... ვიღებ ერთი გაზეთის ამონაჭერს და ვკითხულობ: სადღაც ძაღლისთვის ძეგლი დაუდგამთ პატრონის ერთგულებისა და თავდადებისთვის. ეშმაკურად ვიცინი და ბატონ უშანგის ვეუბნები: გეცოდინებათ, სადმე არსებობს ძეგლი მშობლიური ენის პატივსაცემად? ობოლაძე ადგა და თქვა: მეტი აღარაფერი თქვათ, ახლავე ცეკას სახელზე ბარათს დავწერო... ორ საათში ბარათი მზად არის: დასაბუთება 5 გვერდზე! ჩვენს უფროს მეგობართან კამათს აზრი არ აქვს. ამიტომ მადლობა გადავუხადეთ და... მე ვურეკავ ელგუჯა ამაშუკელს, ჩვენს დიდ მოქანდაკეს: ვეკითხები, როგორ არის საქმე? პასუხი ისეთია, რომ ტელეფონიც კი გაწითლდა ჩემი მადლობებით. მაშინ უკვე ყველა მიხვდა, რომ იდეა არამარტო არსებობდა, არამედ ესკიზებიც კი დამუშავებულია... "გავვარდით" მე და თემურ ჟღენტი ელგუჯასთან. ლია სტურუა, ელგუჯას მეუღლე, ჩვენი ცნობილი პოეტი, აღტაცებით მეუბნება, რომ ელგუჯამაც ღამე გაათენა და რამდენიმე ესკიზი მზად არის... დადგა საიუბილეო დღე, დილით შევარდნაძესთან ვიზიტია. ცეკას მდივანი ვიქტორია სირაძე ეუბნება, რომ მასშტაბები გრანდიოზულია. ვაჩვენებ საიუბილეოდ გამოშვებულ წიგნებს, სხვა "პროდუქციას", ვუყვები, რა მოხდება ფილარმონიის სცენაზე... აშკარად კმაყოფილია... და სიურპრიზი: ვაწვდი უშანგი ობოლაძის მიერ მომზადებულ 5-გვერდიან წერილს, უკვე დაყვანილს ერთ გვერდამდე... მისთვის ეს იდეა მოულოდნელია. დაფიქრდა. პირველი შეკითხვა: ვინ იცის ამის შესახებო... ვეუუბნები: მინისტრმა ოთარ ქინქლაძემ, ობოლაძემ, ჟღენტმა, ქალბატონმა ვიქტორიამ და თქვენ... მოულოდნელი ფრაზა: ამ იდეის შესახებ სხვამ არავინ არ უნდა იცოდეს... და დაამატა: ხელს შეგვიშლიანო! ვეუბნები, რომ "საიდუმლოს" უკეთ შევინახავთ, თუ კონკურს არ გამოვაცხადებთ და გავაფორმებთ დაკვეთას ელგუჯა ამაშუკელთან. ვაწვდი ესკიზებს. რა თქმა უნდა, მოეწონა. აიღო ყურმილი და დაუკავშირდა თენგიზ მენთეშაშვილს. მოუყვა ყველაფერი. გააფრთხილა "საიდუმლოების" თაობაზე და შესთავაზა: მოდი, შენ ჩაუდექი სათავეში ამ იდეის განხორციელებას და ქალაქმა ყველა საკითხი მოაგვაროსო. შევარდნაძემ "გურული ეშმაკობა" მოიშველია: განათლების სამინისტრო ითხოვს შენს ჩართვას ამ საქმეშიო... მივდივარ თენგიზთან, მივუტანე ესკიზები. მასაც ძალიან მოეწონა. და ძალიან გულწრფელად თქვა: ამაზე დიდ და კარგ საქმეს ჩვენ ვერასოდეს გავაკეთებთო... ყველაფერი გააკეთა მენთეშაშვილმა თავის გუნდთან ერთად. და სრულიად მოულოდნელად თბილისი დაამშვენა "დედა ენის" ძეგლმა. მადლიერმა შთამომავლობამ უნდა იცოდეს - "ვინ არის ვინ!"
და ბოლოს, მისი პიროვნების დასახასიათებლად ერთი ფაქტი, რომელიც არა მარტო ბევრ (!) რამეზე მეტყველებს, არამედ სამაგალითოა დღევანდელი თბილისის (და არამარტო დედაქალაქის) მესვეურთათვის. მოსკოვიდან ჩამოსვენებული თენგიზ მენთეშაშვილის ცხედარი პირდაპირ ქაშვეთის ტაძარში დაასვენეს. და აქედან გაუყენებენ საბოლოო გზაზე კიმ კაცს, რომელმაც თბილისისთვის მართლა რომ ბევრი რამ გააკეთა და რომელსაც თავის მშობელ ქალაქში არ ქონდა... ბინა! მან არ მისცა თავს უფლება ქონოდა ორი ბინა-მოსკოვსა და თბილისში! ეს ისე, უბრალოდ!