ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
იყო და არა იყო რა... რომელიღაც(!) პატარა და ამბიციური ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურებში „მოჩალიჩე", სიმაღლით „გრძელი" და ჭკუით „მოკლე" ბრიყვების სულელურმა ნაბიჯ-განცხადებებმა მისი არაისტორიული მეგობარი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ამ ქვეყნიდან შორს მყოფთ, გაუჩინა სურვილი „რაღაცეებზე" ფიქრისა და განსჯისა...
ამ პატარა და მის ცხვირაწეულ ჩინოვნიკებს, ეტყობა, წარმოდგენა არ აქვთ იმის შესახებ, რომ ტრამპმა (მერკელმა, მაკრონიმ და სხვ.) მშვენივრად იცის ვინ არის პუტინი, ისიც, უტყუარად ესმის (სხვებსაც), რომ „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა"!..
ჰოდა, ორი დღე ითმინა ამ შენმა ტრამპმა და... მაინც დაურეკა და მიულოცა მას ხელახალი გაპრეზიდენტება. მანამდე, მერკელი, მაკრონი და სხვა ძლიერნი ამა ქვეყნისა, ერთმანეთს ასწრებდნენ, თუ ვინ მიულოცავდა აგრესორ და მოძალადე ოკუპანტს წინასწარ ცნობილ გამარჯვებას...
ესეც შენი „უპრინციპო" ტრამპი! (და სხვებიც!)
რა, პოზიცია უარყო?
პუტინი უცებ შეიყვარა?
მიზანი შეცვალა?
სანქციები გააუქმა თუ შეამსუბუქა?
რა თქმა უნდა, არა!
მაგრამ...
აშშ სახელმწიფო ინტერესები, საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესები, გუშინდელი თუ ხვალინდელი დღის ამერიკული ინვესტიციების ბედი აიძულებენ ტრამპს და სხვასაც: მერკელს. მაკრონს, მით უმეტეს დიდი ჩინეთის ლიდერს (პირველობა რომ არავის დაუთმო), ისევე, როგორც ნორმალური(!!!), პროფესიული(!!!) განათლებისა(!!!) და გამოცდილების(!!!) მქონე სხვა სახელმწიფო ლიდერებს დაიცვან(!!!) დიპლომატიაში მიღებული დაწერილი თუ დაუწერელი წესები, დიპ."პროტოკოლის", დიპ. ტაქტის და ზოგადი თუ დიპ. ეთიკის ნორმების სრული დაცვით, პირადი ემოციებისგან დაცლილი მილოცვები გაუგზავნონ (ესაუბრონ) ვეებერთელა ქვეყნის მეთაურს.
ასეა ეს!
და ასეც უნდა იყოს!
აი, შორეული, ამბიციური და პატარა ქვეყნის "ნარცისების" საბავშვო ბაღში კი როგორ არის საქმე: ტერეზია მეის (და სხვა აცუნდრუკებულ ტიპაჟს) კუდს უქიცინებენ?
იმ „დაულაგებელ" ქვეყანაში , ორი კვირით ადრე საგანგებო წერილით „ეხვეწებოდნენ" პუტინს, შევხვდეთ, მოვაწესრიგოდ ჩვენი ურთიერთობებიო და... ახლა კი, მგონი, პრეზიდენტად მისი არჩევა ლამის არ ცნონ, „ნე ვიჟუს" პოზა აქვთ დაჭერილი და...
ჰოდა, ისმება ლეგიტიმური შეკითხვა: ეს რომელიღაც შორეულ ამბიციურ და პატარა „უმნიშვნელოვანესი" ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურებში საიდან მოხვდნენ ასეთი „ახლომხედველნი", სად ისწავლეს პროფესია და გაეცნენ მსოფლიო პრაქტიკას? სად გაიზარდნენ, ვისი დამრიგებლობით ეზიარნენ დიპლომატიის ანა-ბანას, ისეთს, რომ არ იციან ვიდრე სადმე ელჩად თავისიანს დანიშნავენ, მანამდე აგრემანით უნდა მიმართონ „იმ" ქვეყანას... მართლაც, სად და როგორ ჩამოყალიბდნენ ასეთი... ბრიყვები?
კიდევ კარგი რომ „სხვა" ქვეყანაზე, შორეულსა და ამბიციურზეა საუბარი და არა ჩვენ პატარა (მაგრამ, რომ დაუთავდეს და გასწორდეს, ვეებერთელად გადაიქცევა) ქვეყანაზე, რომელიც დაზღვეულია(!!!) ასეთი კოხტაპრუწა და უტვინო ტიპაჟისგან...
აბა რა, ისინი, ანუ, ჩვენი ჭკვიანი ორმეტრიანი გრძელი, ანუ, მაღალი და მოკლე (ანუ, ვეებერთელა) ჭკუის მქონე „ნარცისები" ხომ ქობალიების მზის ქვეშ გაიზარდნენ და მათი ხელმძღვანელობით ისწავლეს არა მარტო „პურის ცხობა", არამედ შეიძინეს ...დიდი დიპლომატური გამოცდილებაც!
ჰოდა, იმიტომაც ვარ მშვიდად, თანაც იმ რწმენით, რომ რა ბედნიერებაა რომ არ ვცხოვრობ იმ შორეულ, პატარა, ამბიციურ ქვეყანაში, სადაც კარგად კი ვერ არის საქმე დალაგებული, მაგრამ, როგორც ზოგადსაკაცობრიო იდეების პატივისცემით გამსჭვალულ მოქალაქე, ვგულშემატკივრობ მას და მჯერა, ვიმედოვნებ, რომ იქაც ნელ-ნელა, თანდათანობით ყველაფერი აეწყობა მშვენივრად, დაახლოებით ისე, ჩვენთან რომ არის აწყობილი...
ტაში, კუკური!!!!