logo_geo
eng_logo
ასი ხმაც რომ მქონდეს, ერთსაც არ გავიმეტებ „ნაციონალური მოძრაობისთვის“! - ანუ, რატომ არა ვარ მეფე გიორგი?!
- +

28 აპრილი. 2016. 04:23



მხატვრული ფილმი „დიდოსტატის მარჯვენა" და ეს მოარული ფრაზა ამომიტივტივდა გონებაში, როგორც კი NDI-ისა და IRI-ს სოციოლოგიური კვლევის შედეგებს გავეცანი. შესაძლოა, გაგიკვირდეთ: სად მეფე გიორგი და სად NDI და IRI, მაგრამ შევეცდები, აგიხსნათ.


 

ბოლო რამდენიმე კვირა თბილისელებს მეტი სალაპარაკო არ ჰქონდათ, ვიდრე ახლა ევროპელი ბატონი ვოლსკი არ გამოხტა და სხვა სიბრტყეში არ გადაიყვანა საზოგადოება. ამ ბატონზე მოგვიანებით მოგახსენებთ, ახლა კი ისევ ამ „კვლევის" შედეგებზე მოგახსენებთ. თურმე, თუ პირველს დავუჯერებთ, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ჩვენი მიშიკოს პარტია და მისი მიმდევრები მსუყე პროცენტს მიიღებენ, მეორემ საერთოდ გამაოცა და  პაატა ბურჭულაძისთვის  მთელი 15 პროცენტი არ დაიშურა. ახლა ამ საქვეყნოდ ცნობილ ორგანიზაციებს როგორ ვაკადრო, მაგრამ ისე, ზოგადად გამახსენდა გენიალური რუსული გამოთქმა: „Эсли человек дурак, то это надолго"... ამ NDI-ის გინდა დირექტორი გამოუცვალე და გინდა პამპერსი, მაინც თავისას ერეკებიან. ჰოდა, მაგიტომაც გამახსენდა სათაურში მოყვანილი ფრაზა (გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა). ახლა მე რომ მეფე გიორგი ვიყო, დავუძახებდი ამ პატივცემული ორგანიზაციების ბოსებს და შევთავაზებდი გარიგებას: მე (ანუ მეფე გიორგი) ჩემი ხარჯით ჩავატარებ რიგგარეშე არჩევნებს და თუ „ნაციონალური მოძრაობა" 10%-იან ზღვარს გადალახავს, თქვენ (ანუ ორივე პატივცემულ ორგანიზაციას) საჩუქრად მოგართმევთ 1 000 000 000 ამერიკულ დოლარს, ხოლო თუ ვერ გადალახავს ამ ბარიერს,  თქვენ (ანუ NDI-იმ და IRI-იმ) გადაიხადეთ 500 000 000 ამერიკული დოლარი.



მგონი,  ცუდი გარიგება არ უნდა იყოს. ვერ გარისკავენ და არ დათანხმდებიან? გამოდის რომ, თავადაც არ სჯერათ, რის დაჯერებასაც ჩვენ გვთხოვენ და უკვე წაგებულ პოზიციაში აღმოჩნდებან; დათანხმდებიან და რაც მოხდება, ხომ კარგად მოგეხსენებათ; ორივეს დამფუძნებლები უეჭველად გაკოტრდებიან და დაეხსნებიან საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი საგრძნობლად გამოკეთდება (არ მგონია, ეს თანხა მეფე ბატონმა შინ წაიღოს) და რაც მთავარია - საქართველოს პარლამენტი გათავისუფლდება კრიმინალური ელემენტებისგან და თავადაც დაისვენებენ და ჩვენც!  წარმოგიდგენიათ, რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ერთხელ რისკზე წასვლას?



ახლა ოცნებას (პარტია არ მაქვს მხედველობაში) რომ თავი დავანებო და საღი თვალით შევხედო ვითარებას, ერთი სერიოზული კითხვა მიჩნდება: დავიჯერო, მართლა სჯერა ამ ხალხს, რომ არჩევნებში ხალხი ხმას მისცემს? ძაღლის თავიც მანდ არის დამარხული, ერთმაც კარგად იცის თავისი გაჭირვება და მეორესაც მოეხსენება, რისი შემგროვებლები არიან ნაციონალები, მაგრამ მორიელისა არ იყოს, ხომ უნდა დაგესლონ ხალხი, ხომ უნდა დათესონ ეჭვი და გაუტანლობა, მათი ფუნქცია ეს არის, ფულსაც ამაში უხდიან და ესენიც თავისას ცდილობენ, ხავსს ეჭიდებიან და „რა იცი, რა მოხდებას" იმედად არიან. ნუ დავივიწყებთ დიდი მოაზროვნის კონფუცის სიტყვებს: „თუ ზურგს უკან გაფურთხებენ, ე.ი. წინ ხარ". მისხალი დახმარება და სიკეთე არ მიმიღია ახლანდელი ხელისუფლებისგან, მაგრამ ასი ხმაც რომ მქონდეს, ერთსაც არ გავიმეტებ „ნაციონალური მოძრაობისთვის"! უბრალო და მარტივი მიზეზის გამო - კარგი მეხსიერება მაქვს, ბატონებო!




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner