მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების გაცნობის შემდეგ გადაწყდება, არის თუ არა არჩილ ტატუნაშვილის საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის აუცილებლობა.
„მინდა მივუსამძიმრო ტატუნაშვილის ოჯახს. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, შსს-ში გამოძიება დაწყებულია და დაიწყო იმ დღესვე, როცა მოხდა ტატუნაშვილის გატაცება. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. დანიშნულია ექსპერტიზა. რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას ამ საქმეში, ამაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას - არის თუ არა საჭიროება ამ საქმეზე ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, გამოძიება იქნება სრულიად გამჭვირვალე. საზოგადოება სრულად იქნება ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ და ასევე ოჯახს ექნება სრული წვდომა გამოძიების შედეგებზე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.