მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული მასალების გავრცელების საქმეზე უცხო ქვეყნებიდან სამართლებრივი დახმარების თხოვნასთან დაკავშირებით პასუხებს ელოდება.
„უნდა გაიმიჯნოს ორი რამ: ვინ გადაიღო კადრები და ვინ გაავრცელა. გადაღება ამ კადრების განხორციელებულია საქართველოში სამართალდამცველი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ. ამას ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი და ამ საქმეზე კონკრეტული პირები დამნაშავეებად უკვე არიან ცნობილი, მათ შორის კუდ-ის უფროსის მოადგილე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. რაც შეეხება გავრცელების ფაქტს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დროა გასული, საქართველოს პროკურატურამ ჩაატარა და ატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას, ათეულობით სამართლებრივი დახმარებაა გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყნებში, რათა მივიღოთ შესაბამისი ინფორმაცია. ამ ფაილების ატვირთვა საქართველოდან არ მომხდარა, მოხდა უცხოეთიდან, შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ ჩვენ თვითონ ჩავატაროთ რაიმე საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება და ამიტომ ველოდებით ამ სამართლებრივი დახმარებების შედეგებს, რომელთა მიღების შემდეგ შეგვეძლება ვიმსჯელოთ შესაძლო პირების მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. გარკვეული სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობაზე მიღებულია პასუხი, ნაწილზე პასუხს ველოდებით", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.