არჩილ ტატუნაშვილი - ვკითხულობ, მესმის ამდენი დღეა უკვე და სიტყვას ვერ ვწერ.
მე, რომელსაც შემიძლია დაუსრულებლად ვიქაქანო, არ დავიღალო.
ინება ასე განგებამ და მოვხვდი (სამსახურეობრივად) აგვისტოს ომში. მე და ბევრი ექიმი, ექთანი, სანიტარი...
ეხლა ცოტა წინ გადავახვევ:
ომამდე ორი თვით ადრე, მივლინებაში ვიყავი, ხელვაჩაურში, მეხუთე ბრიგადა იდგა მაშინ იქ და ექიმები ჭირდებოდათ, ჯერ არ ყავდათ. მოკლედ, ჩავედი.
იქ გავიცანი მაიორი გელა ჭედია, იყო ასეთი... სიმპატიური, წყნარი, უსაყვარლესი ახალგაზრდა კაცი, თავის საქმეზე შეყვარებული ერთი რიგითი ადამიანი. სულ ერთხელ ვნახე, რაღაც ფურცლები შევავსეთ და დავემშვიდობე.
უკვე მერე, აგვისტოში, ტყვიავში, სადაც ჩემი სამედიცინო ბატალიონი იდგა, დაჭრილებით სავსე ფურგონი შემოვიდა ეზოში, „ჩამოცალეს" და დავიწყეთ ტრიაჟი, ანუ-დახარისხება სიმძიმის მიხედვით... ასეთი წესია ომში.
იმ დღეს სამი გარდაცვლილი ერია ჩვენ ბიჭებში. ერთი გელა იყო, ჭედია. დავხედე და გვარი რომ წავიკითხე სამხედრო ფორმაზე, მერე ვიცანი. კინოში მინახავს ასეთი სცენები და მიტირია. იქ რაღაცა სხვა რეალობა იყო, ვერ ვწერ...
მუხლებზე დაჩოქილი ტიროდა ერთი კაცი, თავზე ედგა, არ შორდებოდა. ძმა ყოფილა. მაშინ სულ ცოტა ხნით მეც მოვკვდი.
ამას მიყვა გოგა აბრამიშვილი, ექიმი, ვაჟკაცი კაცი...
როგორ ჩამოვთვალო, აბა?
ვინმე რომ გამომრჩეს?
ომი დამთავრდა. სიკვდილი - არა.
კლავს რუსიც, ოსიც, ქართველიც - ქართველს.
პოლიტიკა ჭუჭყიანია, კიი, მაგრამ სუფთა ბიჭებს გმირებად აქცევს ხოლმე.
პოლიტიკაა, აბა, რა ჯანდაბაა-ომი?!
ჩემთვის ყველას ერთი გვარი აქვს, ვინც ჩემი სამშობლოსთვის მოკვდა.
ხსოვნა იყოს არჩილის და ყველა ბიჭის.
არ მიყვარს ხოლმე ამ ამბების გახსენება, მაგრამ ამ კაცის სიკვდილმა წამიღო იქ, იმ ცუდ დღეებში...
---
გეხვეწებით, ნუღარ წერთ რაა აქ: - „აუ, ნეტა ამ ქვეყნიდან წამიყვანა, რა, არც მოვიხედები".
შენია ეს ქვეყანა.
ნინო ახობაძე