„იქ, სადაც ადამიანები გამოხატვის თავისუფლების ზღვარს გადააბიჯებენ და იქ, სადაც მათ მიერ „ფეისბუქის" თუ ინტერნეტის საშუალებით გავრცელებული პოსტები სხვა ადამიანთა ინტერესებს შეეხება და ამ ადამიანებს ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოაქცევს, ჩვენი რეაგირება აბსოლუტურად იგივე იქნება, როგორც შსს-ში შემოსული განცხადების შემთხვევაში, რადგან შედეგის თვალსაზრისით, ორივე ერთი და იგივე სოციალური საშიშროების შემცველია", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სამართალდარღვევას, უკანონო ქმედებას შორის და როგორც კანონმორჩილი უწყება, ჩვენ ამ ზღვარს აუცილებლად დავიცავთ.
თუ ამ შინაარსში დანაშაულის შემცველი ინფორმაცია იქნება, მაგალითად, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, ეს სისხლის სამართლის წესით ისჯება და შესაბამისად, ასეთ ფაქტებზე გამოძიება აუცილებლად დაიწყება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.