„გიორგი ზურაბიშვილთან გასაუბრების შემდეგ, თუ დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა, შსს სათანადო რეაგირებას მოახდენს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად".
მისი თქმით, როგორც კი გიორგი ზურაბიშვილის facebook-გვერდზე მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ განცხადება გავრცელდა, შსს-ს გენინსპექციამ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და გიორგი ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
„როგორც გიორგი ზურაბიშვილის განცხადებიდან ირკვეოდა, მისი გადმოცემით, სავარაუდოდ, მუქარა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხორციელდებოდა. გენინსპექციის ფუნქციაა, როცა განცხადებაში სამართალდამცავი ორგანოები ფიგურირებენ და მათ ბრალდებას უყენებენ, ამაზე რეაგირება მოახდინოს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.