logo_geo
eng_logo
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, 40 კგ ოქროს და ვერცხლის არადეკლარირებული საქონელი ამოიღეს
- +

23 მარტი. 2018. 11:39



„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის არადეკლარირებული საქონელი  -  40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო", - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, აღნიშნულ ფაქტზე - საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის  აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, „MERCEDES BENZ"-ის მარკის სამგზავრო ავტობუსში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის" გავლით, ცდილობდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - 36 კგ ოქროსა და 4 კგ ვერცხლის ნაკეთობები, ასევე ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება  2 000 000 ლარს აღემატება, ხოლო ამოღებული ავტონაწილების  ღირებულება 19 700 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზა.

 

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში საბაჟო წესების დარღვევით შემოსული კონტრაბანდული საქონლის თავისუფალი ბრუნვის აღკვეთაა, რაც ქვეყანის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობას საგამოძიებო სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner