ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ დღეს სასამართლოში განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. ბაქრაძე ჩვენებას დღეს ბრალდებულის სტატუსით მისცემს და მის დაკითხვას სახელმწიფო ბრალდება დაიწყებს.
„წარდგენილ ბრალდებაში თავს ვცნობ სრულად დამნაშავედ და ვინანიებ", - განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძე 2004 წლის 23-24 ნოემბერს წერეთლის გამზირზე მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრებს, რა დროსაც ამირან (ბუტა) რობაქიძე გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა „დღის თემაში" დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.