ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი მომავალ კვირას, ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიიღებს.
„ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ უფრო ერთიანები და ჩვენ ეს გამოგვივიდა", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მანამდე განცხადება ლიტვის პრეზიდენტმა გააკეთა. დალია გრიბაუსკაიტეს თქმით, რუს ოფიცრებს, რომლებიც დიპლომატიურ სტატუსს არიან ამოფარებული, ლიტვა ქვეყნიდან გააძევებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევეს. ლონდონი მოსკოვს ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ადანაშაულებს.