შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ წილკანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი არის მოკლული და ამ დროისთვის მნიშვნელოვანია ექსპერტიზის დასკვნა, შემდეგ კი გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავა.
„მთავარია, რომ ჩვენ ოჯახს გვერდით ვედგეთ მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, მთავრობაც, თითოეული მოქალაქეც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ ოჯახს გვერდით ამოუდგეს. გამოძიება მიმდინარეობს. ერთხელ ვთქვი, რომ ძირითადი ამოცანა იყო ჩვენი მოკლული გმირი, მოქალაქე, ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის. ახლა უკვე ჩვენი ძირითადი ამოცანაა გამოძიება. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ექსპერტიზის მონაცემები, რომლის შემდგომაც უკვე გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავა. დღეს ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის მონაცემებს, რომელიც სამხარაულის ბიურომ დასკვნის სახით უნდა გადმოგვცეს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება", - განაცხადა გახარიამ.