logo_geo
eng_logo
ჯემალ ჭკუასელი: ყველაფერი ქართული მოჰბეზრდათ მავანთ…
- +

28 აპრილი. 2016. 12:10


ლოტბარი ჯემალ ჭკუასელი ქართული სუფრის ტრადიციებზე საუბრობს:



რას ნიშნავს ქართული სუფრა და თამადობა?! ეს არის ყველაზე შესანიშნავი ტრადიცია მათთვის, ვინც ამის ფასი იცის! კარგი თამადების მეტი რა მინახავს? სიმონიკა სხირტლაძის თამადობის შესახებ გაგონილი გექნებათ, რომელიც მართლაც, ამ საქმის უბადლო ოსტატი იყო. ასევე, განუმეორებელი თამადა გახლდათ თემიკო ჩირგაძე. მათი სუფრა იყო ტრადიციული, ხალასი და ყოველთვის იმპროვიზებული...

 ხშირად ვყოფილვარ სუფრაზე, სადაც თამადისთვის შენიშვნა მიუციათ, - ახლა ხომ ესა და ეს სადღეგრძელო უწევდაო!.. შეიძლება, სწორი შენიშვნა იყოს, მაგრამ ორი ერთნაირად მოაზროვნე ადამიანი არ არსებობს და ყველა სუფრა ერთმანეთისგან განსხვავებული უნდა იყოს!

 როცა თამადას ვინმე არ უსმენს, ის ან თავად უნდა წავიდეს, ან თამადა გაუშვას! ოჯახში რომ მიგიწვევენ, სუფრის წევრი შენი მტერიც რომ იყოს, ისიც უნდა დალოცო! სუფრა საქმის გარჩევის ადგილი არ არის! თამადა ხომ ყველას ლოცავს, ყველას კარგს უსურვებს და ამის მოსმენა რატომ არ უნდა გსურდეს?! 

ამ ქვეყანაზე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც უფრო თავხედური გამომეტყველება აქვს, ვიდრე მას, ვინც საღეჭ რეზინს აღლაჭუნებს და თან, გელაპარაკება! მღეჭავი არის თავხედზე თავხედი! ქალს რომ პირში საღეჭი რეზინა აქვს, ცალი ხელით სიგარეტს აბოლებს და მეორე ხელში ლუდს ატრიალებს - ამაზე ცუდი სანახაობა რა უნდა იყოს? ქალბატონს სინაზე ამშვენებს!..

ბოლო დროს რაღაც ძალიან შეუტიეს „თამადობის ინსტიტუტს" - ისინი ან უმეცარი მოყვარულები არიან, ან მტრები! მე კი ვიცი, რატომაც შეუტიეს, მაგრამ დაჯერება არ მსურს... ყველაფერი ქართული მოჰბეზრდათ მავანთ და ამ მხრივ, გაუნათლებელი ხალხი ძალიან ადვილი ასაყოლიებელია.

ქუთაისში კაცი თამადობდა და თურმე, ასეთი სადღეგრძელო წარმოთქვა: გავიხსენოთ თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, ჩვენი დიდი წინაპრებიო... ამ დროს თურმე, ვიღაცას დააცემინა და როგორც იციან, სუფრის ერთ-ერთმა წევრმა ბეჭებზე დაჰკრა ხელი, - მათ მოსვლამდე არაფერი გეტკინოსო... თამადას ენამოსწრებულად უთქვამს: ისინი მოვიდნენ და მაგის კუბო არ დავდგიო..." -
ამბობს ჯემალ ჭკუასელი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner