„არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა"-ს ყოფილი გენერალური დირექტორის - ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადევნებას გულისხმობს", - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალიდან არ ირკვევა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლთა ვინაობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა.
შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს (როგორც მსხვერპლებს, ისე სხვა პირებს), რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში (მისამართი - ქ. თბილისი, კორნელი ჩალაძის ქუჩა N1, ტელეფონის ნომერი - 2 41 42 62, ელექტრონული მისამართი - tbilisiadmin@mia.gov.ge)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.