„არაჩვეულებრივი გამოფენა", „სამანიშვილის დედინაცვალი", „შერეკილები", „ცისფერი მთები"... და ბოლოს „სავარძელი". ეს ის ფილმებია, რომელთა ავტორობაზე მსოფლიოს ცნობილი რეჟისორები ხელს უყოყმანოდ მოაწერდნენ და იამაყებდნენ, რომ ასეთი შედევრები გადაიღეს. მათ შემქმნელს კი თავისი პატარა სამშობლო მთელ მსოფლიოს ერჩივნა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, დამწყებ რეჟისორ ელდარ შენგელაიას უფრო ფართო ასპარეზი წინ ეშლებოდა, მაგრამ მას გული საქართველოსკენ მოუწევდა.
კინოსტუდია „ქართულ ფილმში" თავის დროზე მისი სახელოვანი მშობლები, მსახიობი ნატო ვაჩნაძე და რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია მოღვაწეობდნენ. ელდარი ოცნებობდა, დაკვრა იმ აკორდიდან გაეგრძელებინა, რაზეც მამა შეჩერდა. ასე რომ, „დიდი" მოსკოვი გაოცებული დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.
ელდარ შენგელაია:
- როცა მოსკოვში განცხადება დავწერე, ერთი კვირა ხელს არ მიწერდნენ, ყველა გაოცებული იყო და მეუბნებოდნენ, რას აკეთებ, აქ მოხვედრაზე ყველა რეჟისორი ოცნებობს, არ წახვიდეო. მე ჯიუტად ვითხოვდი გათავისუფლებას, ბოლოს გამომიშვეს.
კინოსტუდია „ქართულ ფილმში" მისვლისას დარაჯი კარში არ მიშვებდა. ამ დროს გამოიარა შოთა მანაგაძემ და უთხრა, ეს არის კოლიას და ნატაშას ვაჟი, ამისთვის კინოსტუდიის კარი ყოველთვის ღიაა, გაატარეო.
პირველი ფილმი რეჟისორ თამაზ მელიავასთან ერთად გადავიღეთ. ფილმის სათაური იყო „გზები და გზაჯვარედინები". ქართველი მეცხვარეების ცხოვრებაზე 3 წელი ვიღებდით, ურთულესი ფილმი იყო.
ფილმის შემდგომი სახელწოდება ნოდარ დუმბაძის დამსახურებაა, თქვა, არ ჟღერს კარგად, იქნებ „თეთრი ქარავანი" დაარქვათო, მოგვეწონა და დავარქვით. ფილმი თამაზ მელიავამ ლენინგრადში წარადგინა ჩვენებაზე და აიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. შემდეგ იყო კანის ფესტივალი, უსახსრობის გამო ჩვენ ვერ გავემგზავრეთ. მართალია, პრიზი არ აუღია, მაგრამ კანში ფილმის ჩვენება უკვე წარმატება იყო.
- თქვენს შემოქმედებაში ერთ-ერთი საეტაპო ფილმის „არაჩვეულებრივი გამოფენის" გადაღების ისტორია გაიხსენეთ.
- ყოველთვის ჭირდა კარგი სცენარები, ამიტომ გადავწყვიტე მოსკოვში წასვლა. იქ სარეჟისორო სცენარებით მუშაობდა მამაჩემის მეგობარი ტრაუმბერგი და მას მივმართე. მითხრა, კარგ სცენარებს წერს რეზო გაბრიაძე (ამ დროს რეზო მოსკოვში სწავლობდა), მოდი ხვალ, გაგაცნობო.
ამ ნაცნობობით დაიწყო ჩემი და რეზოს შემოქმედებითი მეგობრობაც. სცენარი, რომელიც საფუძვლად დაედო "არაჩვეულებრივ გამოფენას", სამასგვერდიანი იყო. ერთი თვე ვიმუშავეთ და 80 გვერდამდე დავიყვანეთ.
დავიწყე მსახიობების შერჩევა. ვერაფრით ვიპოვე პიპინია ერისთავის შემსრულებელი. მოვიარე საქართველოს თითქმის ყველა თეატრი. ბოლოს ფოთში შემხვდა აკაკი დობორჯგინიძე (ისიც შევიდა ამ ფილმში, ძაღლი რომ მოჰყავს პიპინიასთან). მითხრა, აცანაში ცხოვრობს ერთი მსახიობი, რომელიც ფოთის თეატრიდან გაუშვეს, როგორც უნიჭო, ახლა სოფელში გერმანულს და რუსულს ასწავლის, იქნებ ნახოთო.
წავედი აცანაში. ეს არის ლანჩხუთის რაიონი. ერთ პატარა სახლში ცხოვრობდა, გეგონებოდა, ზღაპრიდან გადმოუხატავთო. როცა ვუთხარით, რისთვისაც გვჭირდებოდა, იუარა, ასეთ დიდ როლს ვერ შევეჭიდები, თუ მაინცდამაინც, ეპიზოდურში გადამიღეთო. დავუტოვეთ გზის ფული და დავიბარეთ თბილისში.
ჩამოვიდა. პირველ ხანებში გაუჭირდა, გაშეშებული იდგა და მოძრაობას ვერ ახერხებდა. თანდათან გაიხსნა და მივიღეთ არაჩვეულებრივი პიპინია, მაგრამ ხმა არ მოგვეწონა, არ უხდებოდა. ჩემმა მეორე რეჟისორმა, რამაზ შარაბიძემ, თქვა, ამას ეროსი სჭირდებაო.
ეროსიმ გვითხრა, ჯერ მან გაახმოვანოს პირველი კადრები, მოვისმენ და მერე მივხვდები, რა უნდა გავაკეთოო. როგორც კი მოისმინა, თქვა, ახლა ეს აღარ დამანახოთ, მე გავახმოვანებო. მართლაც თითქოსდა ერთი ამოსუნთქვით გაახმოვანა.
- შემდეგ დადგა „შერეკილების" დრო.
- შემდეგ გადავწყვიტე „შერეკილების" გადაღება, რა თქმა უნდა, ისევ გაბრიაძის სცენარით. მთავარი სირთულე საფრენი აპარატი იყო. მოსკოვში ვინახულე ჩემი ნაცნობი გენერალი რუდეცი და ავუხსენი, რა მინდოდა. მე და რეზო გაგვიშვა იქ, სადაც სამხედრო კონსტრუქტორები მუშაობდნენ.
შენობა გარედან ჩვეულებრივი ორსართულიანი იყო, მაგრამ ლიფტით მინუს მერვე სართულზე ჩაგვიყვანეს. ჩვენი აპარატი კონსტრუქტორმა სათაროვმა დაამზადა და თვითმფრინავით თბილისში ჩამოგვიტანეს.
გადაღებები გვქონდა იმერეთსა და კახეთში. ის კადრები, როცა ფილმის გმირები გაფრინდებიან და ულამაზესი ხედები ჩანს ზემოდან, სულ ჩემი გადაღებულია.
ფილმი შევფუთეთ ისე, თითქოს ზღაპარი გადავიღეთ, რადგან აშკარად არ იჯდა საბჭოთა სტანდარტებში. საფესტივალო ჩვენება თეირანში გვქონდა. ფესტივალი ამ ფილმით გაიხსნა და ირანის დედოფალი და ელიტა ესწრებოდა. როცა გავედი, გავოცდი, უამრავი ციცინათელა დაფრინავდა, ბოლოს მივხვდი, რომ ეს ციცინათელები კი არა, დარბაზში მსხდომი მანდილოსნების ბრილიანტების ათინათები იყო.
თეირანში სასტუმრო „ინტერკონტინენტალში" ვცხოვრობდით, სადაც ღია ანგარიში მქონდა. ცხოვრება, ჭამა-სმა, ყველაფერი უფასო იყო. ამიტომ მთელი საბჭოთა საელჩო ჩემთან იკრიბებოდა და იქ სადილობდა. ყველაფერი უმაღლესი ხარისხის და განუსაზღვრელი რაოდენობის იყო.
წამოსვლის დღეს ვხედავ, ნომერში დევს ანგარიში და წერია 2000 დოლარი. მე, საბჭოთა რეჟისორს, ჯიბეში მიდევს 25 დოლარი. ვიფიქრე, მორჩა, მომეჭრა თავი, აქედან აღარც გამიშვებენ-მეთქი. დავუძახე პორტიეს და ვკითხე: „როგორ მოვიქცე?". მან დახედა ფურცელს და მითხრა, თქვენ გადასახდელი კი არ გაქვთ, პირიქით, კიდევ შეგიძლიათ ეს 2000 დოლარი დახარჯოთო.
თქვენი ფილმებიდან პრიზის გარეშე თითქმის არც ერთი დარჩენილა. „სამანიშვილის დედინაცვალი" იმავე თეირანის ფესტივალზე დაჯილდოვდა საუკეთესო გამოსახულებისთვის. „ცისფერმა მთებმა" სახელმწიფო პრემია აიღო. როგორც ვიცი, ბევრი დაბრკოლება შეგხვდათ, სანამ ეს უკანასკნელი დღის სინათლეს იხილავდა.
- ჯერ კიდევ „სამანიშვილის დედინაცვალს" ვიღებდი, როცა ჩემმა მეგობარმა, მწერალმა რეზო ჭეიშვილმა, წამაკითხა პატარა მოთხრობა „ცისფერი მთები". ვუთხარი, ამისგან კარგი ფილმი გამოვა-მეთქი. სცენარზე მუშაობას 1 წელი მოვუნდით.
- მოსკოვში გვითხრეს, ანტისაბჭოთა ფილმიაო. სწორედ იმ ზაფხულს ბიჭვინთაში ისვენებდა საკავშირო ცკ-ის მდივანი მიხაილ გორბაჩოვი, რომელმაც მოისურვა ქართული ფილმების ყურება. სასწრაფოდ გავუგზავნეთ „ცისფერი მთები", რომელიც ქართულ ენაზე იყო და დასჭირდა თარჯიმანი.
შემდგომ თარჯიმანი მიყვებოდა, გორბაჩოვმა ბევრი იცინა, მერე გვერდით მჯდომ შევარდნაძეს გადაულაპარაკა, რამე თუ არ ვიღონეთ, თავზე დაგვექცევა ქვეყანაო.
ამის შემდეგ გავფრინდი მოსკოვში და ერმაშს, რომელსაც შეეძლო ფილმები დაეშვა ან აეკრძალა, ვაჩვენე ფილმი. ვუთხარი, გორბაჩოვმა უკვე ნახა და მოეწონა-მეთქი. რას იზამდა, ასე ჩაეშვა ფილმი კინოგაქირავებაში.
შემდეგ მოითხოვეს კანის ფესტივალზე, მაგრამ დიდი საფესტივალო ჩვენებისათვის ერმაშმა უარი განაცხადა. მხოლოდ დილის ჩვენებაზე დაუშვეს სპეციალისტთა ვიწრო წრისთვის, მაგრამ მოხდა საოცრება, იმდენად მოეწონათ, მეორე დღესაც აჩვენეს და პრესა აჭრელდა ქება-დიდებით. "ეს არის კაფკა", - წერდნენ კინოკრიტიკოსები.
-ამ ფილმმა შემოინახა სესილია თაყაიშვილის პატარა, მაგრამ გენიალური, უკანასკნელი როლი.
- დიახ. ამ როლზე თავიდანვე სესილია მყავდა წარმოდგენილი. მივედი მასთან, მივუტანე სცენარი და ვუთხარი, რომ მინდოდა, ჩემს ფილმში მიეღო მონაწილეობა. სადღა შემიძლია, ავად ვარო, უარი მითხრა. სცენარი მაინც დავუტოვე.
რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა და სახლში დამიბარა. ზუსტად ისე დამხვდა ჩაცმული და დავარცხნილი, როგორც ფილმშია. ჩემი ოპერატორი ლევან პაატაშვილი დიდხანს აყენებდა სინათლეს და წუთებში ვიღებდით, ძალიან რომ არ დაღლილიყო.
თავმდაბალი იყო, არასოდეს უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. "კინოს სახლში" კინოჩვენებაზე როცა გამოვაცხადე, ქალბატონი სესილია გვესწრება-მეთქი, მუშტი მაჩვენა, მოგკლავ შენო.
როგორ მოგეწონათ ფილმი-მეთქი, ვკითხე. ცოტა ყურს აკლდა და, ვერაფერი გავიგეო, მიპასუხა. დეიდა სესილია, დღეს ხარვეზები იყო, ხვალ მოგიყვანთ, თავიდან უყურეთ-მეთქი. მეორე დღეს ფილმი ძალიან ხმამაღლა გავუშვით. სესილიამ მითხრა, მე კი გავიგე, მაგრამ, მგონი, ყველა დავაყრუეო. ბოლოს კინო "ამირანში" გვქონდა ჩვენება. საზოგადოებამ უდიდესი ოვაცია გაუმართა. სამი დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა.
- როცა საბჭოთა რეჟიმი დაინგრა, თქვენ სახელმწიფო სამსახურში, საქართველოს პარლამენტში აღმოჩნდით. როგორ შეეგუა თავისუფლებისმოყვარე შემოქმედი პოლიტიკურ-ჩინოსნურ ჩარჩოებში ყოფნას?
- ქართული კინო განსაკუთრებული ფენომენია, მან უფრო ადრე მოიპოვა დამოუკიდებლობა, ვიდრე ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა. მარტო ის რად ღირს, რომ პარიზში, პომპიდუს ცენტრში მოეწყო ქართული კინოს 100 საუკეთესო ფილმის ჩვენება.
რაც შეეხება პარლამენტში ჩემს ყოფნას, ეს ყველასთვის დიდი ტკივილის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მოხდა. მე იმ კომისიაში ვიყავი, რომელიც ამ ტრაგედიის მიზეზებზე მუშაობდა და სახელმწიფო მანქანა დამნაშავედ ცნო. ხალხმა მოინდომა ჩემი პარლამენტში ყოფნა. შემდგომში ზურაბ ჟვანიას ფაქტორი იყო გადამწყვეტი, როცა ვიცესპიკერის პოსტი მეკავა.
ადამიანის თავისუფლებას ვერანაირი ჩარჩო შეზღუდავს. ერთ სასაცილო ეპიზოდს მოგიყვებით. სხდომაზე ერთმა პირმა (არ მინდა მისი დასახელება) ჩემი დედ-მამა აუგად მოიხსენია. არც ვაციე და არც ვაცხელე, პირდაპირ ვგლიჯე მუშტი. მეორე დღეს კრივის ხელთათმანებით მივედი პარლამენტში. კოლეგების გაკვირვებულ გამოხედვაზე ავწიე ხელი და ვთქვი: „მე ვარ მუჰამედ ალი!".
-მინდა, რომ გვერდი ავუაროთ თქვენს ყველაზე დიდ ტკივილს, თქვენი ქალიშვილის გარდაცვალებას (რეჟისორის უმცროსი ქალიშვილი ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. ავტ.), ამიტომ მოდით, თქვენი და ქალბატონი ნელის გაცნობასა და ოჯახის შექმნაზე ვისაუბროთ.
- ნელი აქამდე იყო ჩემი მეუღლე, ახლა ვხუმრობ ხოლმე, არის ჩემი დედა, რადგან მან იცის, როდის უნდა ვჭამო, როდის რა წამალი მივიღო, როდის წავიდე შეხვედრაზე, რა მაქვს დაგეგმილი.
ნელი მედეა ჩახავას დაბადების დღეზე გავიცანი. იქიდან გამოვაცილე, მერე ვხვდებოდით. ერთხელაც ნარდი ვეთამაშე და მომიგო. მე კიდევ არ მიყვარს წაგება. ჰოდა, ვიფიქრე, მოვიყვან ცოლად და აღარ მომიგებს, დამითმობს-მეთქი.
- ქალბატონო ნელი, როგორია თქვენი თვალით დანახული ელდარ შენგელაია?
ნელი: შესანიშნავი ადამიანია, იუმორით სავსე, თბილი, დამთმობი, მოსიყვარულე. ადრე ცოტა უფრო მკაცრი იყო, ახლა სრულიად დარბილდა. აბსოლუტურად თავისუფალია ბოროტი, ქვენა აზრებისა და სამაგიეროს გადახდის სურვილისგან.
ხომ არის ხოლმე შემთხვევები, როცა ადამიანი გაწყენინებს, ისე მოიქცევა, რომ მისალმების სურვილსაც დაგიკარგავს. ელდარს ეს არ შეუძლია, როგორც უნდა მოექცეს ვინმე, მაინც გაუღიმებს, მიესალმება, მოიკითხავს. ყველაფერზე მაღლა დგას. იქ, სადაც ის არის, ყველაფერი სხვანაირად ჩანს.
მთელი ცხოვრება უანგაროდ იშრომა, ქონება არ მოუგროვებია, აგარაკიც კი არ გვაქვს. ზაფხულობით ძალიან გვიჭირს, ცოტა ხნით ქალაქს რომ გავერიდოთ, ისეთი ადგილი არ გვაქვს. როცა ვეუბნები, რატომ არ იზრუნე ამ ყველაფერზე-მეთქი, მეუბნება, რა ვიცი, მაგაში ვერ ვივარგეო. არადა თავდაუზოგავად შრომობდა, ფილმებს იღებდა, კინოსტუდიაზე ზრუნავდა.
- ალბათ სულ გასული იყო სახლიდან, ოჯახიდან. არ განიცდიდით მის ნაკლებობას?
ნელი: როგორ არა? ვხუმრობდი, რომ იმდენ დროს ხარჯავდა საქმეზე, ჩვენი შვილი 3 წლის იყო, როცა გააცნობიერა, ეს მუდმივად გარეთ მყოფი კაცი მამამისი, ელდარი იყო. ოჯახის პრობლემები ჩემი მოსაგვარებელი იყო. ხელს ვუწყობდი, უზომოდ ნიჭიერ შემოქმედს ოჯახის საქმეებში დრო არ უნდა დაეკარგა.
მე არც წიგნებს ვწერდი და არც დისერტაციას, ამიტომ ოჯახის გაძღოლა ჩემი ფუნქცია იყო. ამ ბოლო დროს მისი პროდიუსერიც გავხდი და ორგანიზაციულ საკითხებს ვაგვარებ. ფულს რაც შეეხება, ელდარი ამაში დიდად გარკვეული არ არის, ამიტომ ფინანსური საკითხებიც მე მეხება.
-- თქვენი თანაცხოვრების განმავლობაში დარწმუნდით, რომ „სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი"? ანუ საითაც უნდა მიბრუნებულიყავით, მაინც ერთმანეთს უყურებდით?
ნელი: ნამდვილად ასეა. სულ ვერტიკალურია, საითაც უნდა შებრუნდეს, რა კუთხიდანაც უნდა დაინახო, ყოველთვის სიყვარულია. ერთად ცხოვრების დაწყებისას მჩქეფარეა, მზის სხივებს ისვრის, განათებული ხარ შიგნიდან და გარედან, მერე ღვინდები, წყნარდები, ურთიერთობა ტკბება, ტემპი იცვლება, საზრუნავი გემატება.
ელდარი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, რა თქმა უნდა, ლამაზი ქალების მხრიდანაც. მე ვიყავი ეჭვიანი, უყვარდა ცოტა ფლირტი, მაგრამ ჩვენი ოჯახი მტკიცე იყო, არც ერთს გვქონია დანგრევის სურვილი და სერიოზული მიზეზი.
ელდარს ჩემთან ცხოვრება რომ არ სდომებოდა, არც ჩემი ეჭვიანობა შეაჩერებდა და არც ხვეწნა-მუდარა. იგი ყოველთვის იყო კარგი მამა და მეუღლე. ზოგჯერ გვქონდა შეხლა-შემოხლა, ჩვენი შვილის ტკივილის შემდეგ კი ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ერთი მთელი ვართ.
- ბატონო ელდარ, უკვე ერთი წელია, რაც "სავარძლის" გადაღება დაამთავრეთ. ხომ არ აპირებთ ახალ ფილმზე მუშაობას?
ელდარი: გეგმაში მაქვს ახალ ფილმზე მუშაობის დაწყება, მაგრამ ამას ჯერ ჩამოყალიბებული კონტურები არ აქვს. არც მინდა წინასწარ ამაზე ლაპარაკი.