კახეთში დამზადებული ზეთისხილის ზეთი ჰოლანდიასა და დუბაიში ექსპორტზე გავა. კომპანიის ხელმძღვანელის, გიორგი სვანიძის ინფორმაციით, მოლაპარაკება მიმდინარეობს, ასევე, ლიტვასთან, რუსეთთან და ქუვეითთან. ინფორმაციას knews-ი ავრცელებს.
,,ჰოლანდიასა და დუბაისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია და ქართული პროდუქტის ექსპორტი ამ ქვეყნებში, სავარაუდოდ, ნოემბრიდან დაიწყება, მას შემდეგ, რაც კომპანია მოსავალს აიღებს. ამჟამად საწარმო სხვადასხვა ქვეყნის ბაზრისა და კანონმდებლობის შესწავლით არის დაკავებული. კომპანია ყოველწლიურად ზრდის ფართობს, სადაც ახალ ნერგებს რგავს, რაც წარმადობის ზრდასაც უზრუნველყოფს. მომავალ სეზონზე "ქართული ზეთისხილი" 200 ტონა მოსავალს ელოდება'', - განაცხადა გიორგი სვანიძემ.
კომპანია "ქართული ზეთისხილი" ბაღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ფლობს. ქართული ზეთისხილის ზეთი უკვე იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, სხვადასხვა ქსელურ მარკეტში.