„დღეს ვიხსენიებთ ღირს დედას მარიამ ეგვიპტელს. მსურს გადმოგცეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევა, მოლოცვა და დალოცვა", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
„დღეს არის მარიამ ეგვიპტელის ხსენება როგორც ნიმუშისა სინანულის, სიყვარულის, უფლის მადლიერების. თქვენ იცით მისი ცხოვრების შესახებ. ის ეგვიპტეში არა წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა და ერთ მშვენიერ დღეს, მან ტაძარში შესვლა მოისურვა. როდესაც კარიბჭესთან მივიდა, იგრძნო ის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, არ უშვებდა ტაძარში. მან რამდენჯერმე სცადა შესვლა, მაგრამ ეს ძალა კვლავ აკავებდა. შემდეგ ღირსი მარიამი შეევედრა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, სთხოვა მას შენდობა და შეწევნა, რათა მისულიყო მის წმინდა ხატთან. როდესაც მაგდალინელმა ეს თქვა, ტაძარში შესვლა შესძლო და ხატსაც ემთხვია. როდესაც გამოვიდა ტაძრიდან, სრულიად შეიცვალა მისი ცხოვრება. წავიდა უდაბნოში. მთელი სიცოცხლე მიუძღვნა უფლის მსახურებას, გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასკეტი მოღვაწე. იმდენად მნიშვნელოვანია იგი, რომ შუა მარხვაში მისი ხსენების დღეა. ესაა ნიმუში, თუ რა ძალა აქვს სიყვარულს და სინანულს. თუ როგორ შეიძლება გახდეს ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში უფლის მადლიერების ნიმუში.
გახსოვთ, წინა კვირას უწმინდესმა რა გვითხრა, რომ სიყვარულია მთავარი ძალა. ამის გარეშე ლოცვას ვერ შევძლებთ და ვერც ცოდვები მოგვეტევება. ცოდვა რომ მოგვეტევოს, მადლი უნდა შემოვიდეს ადამიანში. მადლი ადამიანის ლმობიერი, თავმდაბალი, ურისხვო გულიდან შემოდის.
დღეს ასევე დიდი დღეა ჩვენი დედაეკლესიისთვის. ესაა ავტოკეფალიის, ანუ დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. თქვენ იცით, ჩვენ 100 წელზე მეტხანს გვქონდა წართმეული ჩვენი ავტოკეფალია და ჩვენმა დიდმა მამებმა პატრიარქებმა შესძლეს და მათი ძალისხმევით, 1917 წლის 25 მარტს აღდგა ავტოკეფალია. კიდევ ერთხელ მათი სულების მოსახსენებლად გადავიხდით პანაშვიდს", - განაცხადა მეუფე შიომ.