სომხეთის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება ფართოვდება. იგეგმება, რომ მის დაქვემდებარებაში შევიდეს პოლიცია, ეროვნული უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო დაცვისა და სახელმწიფო კონტროლის სამსახურები. ინფორმაციას JAMnews-ი ავრცელებს.
ეს ძალოვანი უწყებები, რომლებიც მანამდე პრეზიდენტს ექვემდებარებოდა, პრემიერ-მინისტრის მმართველობის ქვეშ იმ საკანონმდებლო პაკეტის თანახმად გადადის, რომელიც მთავრობამ წარადგინა და სომხეთის ეროვნულმა საკრებულომ უკვე დაამტკიცა. კანონის ამოქმედებისთვის კი პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ხელმოწერაა საჭირო.
აპრილში, პრემიერ-მინისტრის არჩევნებს სომხეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. 2015 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, სომხეთი საბოლოოდ გადადის საპარლამენტო მმართველობაზე და ქვეყნის ლიდერი არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი იქნება.