logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ნაცები - დამარცხებისთვის განწირულნი!
- +

28 აპრილი. 2016. 13:36


„ძალიან მოკლევადიანია ის მიზნები და გეგმები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" უკავშირებს ამ კვლევებს. მათი მიზნები ცხადია, თუმცა ნამდვილად ვერ განხორციელდება, რადგანაც ამ დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას ამის რესურსი არ აქვს", - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომლის განცხადებით, ისეთმა მარგინალურმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა", გამორიცხულია შეძლოს რევოლუციური სცენარის განხორციელება.

 

- IRI - ის მონაცემებით, ამომრჩევლის 15% მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას", 13% „ნაციონალურ მოძრაობას". მმართველი გუნდი ამ მონაცემებს იღებს როგორც შედეგს თუ როგორც არაობიექტურ დასკვნას? მით უმეტეს, რომ თქვენ გაქვთ შიდა კვლევის შედეგები...

 

- ჩვენ რეგულარულად ვაწარმოებთ შიდა კვლევებს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ შედეგებისგან, რომელსაც NDI-ის და IRI-ის კონტრაქტორი კომპანიები დებენ. ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ არსებითი განსხვავებაა ჩვენს პოზიციებსა და მეორე ადგილზე მყოფი პარტიის პოზიციებს შორის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ კომპანიების მიერ დადებულ შედეგებს ვერ შევხედავთ ნდობის თვალით. ეს შედეგები სერიოზულ კითხვის ნიშნებს და ეჭვებს აჩენს.


- რა კითხვის ნიშნები ჩნდება ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია ამ კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევა?

 

- რა თქმა უნდა, ასეთი ეჭვი ბუნებრივად ჩნდება. მოგეხსენებათ, რომ ორივე კომპანიას წარსულში გამოკვეთილი კავშირები ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან", რაც თავისთავად აჩენს კითხვის ნიშნებს და იძლევა ეჭვის საფუძველს.


- ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს კვლევით ორგანიზაციას?

 

- ინტერესი შეიძლება სხვადასხვა ჰქონდეთ და ამას ნუ ჩავუღრმავდებით. ჩვენთვის მთავარია ის შედეგები, რომლებიც იდება. ის აცდენილია რეალობას და ამის უკან აშკარად დგას გარკვეული ინტერესები. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ შედეგები ყოველთვის ერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ არის ხოლმე აცდენილი.


- ეს უკვე ადასტურებს, რომ NDI-ის და IRI-ის კონტრაქტორები „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან?

 

- მხარდაჭერაზე არ არის საუბარი, შეიძლება უმარტივეს გარიგებასთან გვქონდეს საქმე. მთავარი ისაა, რომ გაყალბებული შედეგები პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამომრჩეველი პოლიტიკური პროცესების მიმართ თავის შეხედულებას არჩევნებზე გამოხატავს. ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა ერთგვარი სატესტო არჩევნები, რომელიც იძლევა ამომრჩევლის განწყობის განზოგადების საშუალებას. ბოლოს ასეთი არჩევნები ჩატარდა გარდაბანში, სადაც ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის" პოზიციებს შორის რადიკალური სხვაობაა.


- NDI-ის მონაცემებით, 61% ხმას არც ერთ პარტიას არ აძლევს, IRI-ის მტკიცებით, ასეთი 38%-ია. თქვენი შიდა კვლევების თანახმად, რამდენი პროცენტი არ უჭერს არცერთ პარტიას მხარს?

 

- საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავს იკავებენ პასუხისგან ან რომლებსაც ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, რაც არჩევნებამდე 6 თვით ადრე ლოგიკურიცაა. თუმცა 60%-ზე საუბარი ზედმეტია. ამ ნაწილში NDI-ის შედეგები კიდევ უფრო მეტად არის აცდენილი რეალობას.


- რაც შეეხება მხარდამჭერთა რაოდენობას, თქვენ ამბობთ, რომ ამ მონაცემებისგან განსხვავებით 3-ჯერ მეტი უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას". შეგიძლიათ გვითხრათ, შიდა კვლევებით ამომრჩეველთა რამდენი პროცენტი უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას" და ეს მაჩვენებელი საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად? კეთდება განცხადება, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ...

 

- ამ კითხვაზე თვითონ NDI-ის წარმომადგენლებმა გასცეს პასუხი და აღნიშნეს, რომ მათი კვლევების მიზანი არ არის არჩევნების შედეგის გამოცნობა, ანუ ისინი თავად მიანიშნებენ იმაზე, რომ ეს შედეგები ვერანაირად ვერ გახდება არჩევნების შედეგების შეფასების საფუძველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კვლევები ადასტურებს, რომ პარტია „ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ეს არჩევნები ასახავს მოსახლეობის რეალურ განწყობას, იმ განწყობას, რომელიც ობიექტური კვლევების წარმოებისას ფიქსირდება. არავის მიეცემა იმის საბაბი, რომ რაიმე ფორმით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ არჩევნებზე.


- როგორ ფიქრობთ, არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე NDI-ის და IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიზანი არის პოლიტიკური სურათის შეცვლა ქვეყანაში? შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის არჩევნებიდან ძალიან მალე აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას...

 

- ბუნებრივია, რომ კვლევის შედეგების გაყალბებას კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს და ეს მიზანი აშკარად იკვეთება. პირველ რიგში, კვლევის შედეგები „ნაციონალურ მოძრაობას" შიდაპარტიული მოხმარებისთვის სჭირდება. მოგეხსენებათ, გარდაბნის არჩევნები იყო სერიოზული ტესტი, რომელიც ამ პარტიამ ვერ ჩააბარა და „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს გაუჩნდათ ობიექტური განცდა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მათი პარტია დამარცხებისთვის არის განწირული.


„ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება თავის აქტივისტებში მოტივაციის რაიმე ფორმით ამაღლება და გაყალბებული კვლევის შედეგებიც. გარდა ამისა, კვლევების გაყალბება ნაციონალებს საგარეო მოხმარებისთვისაც სჭირდებათ. ავრცელებენ ინფორმაციას უცხოელ პარტნიორებს შორის, რომ ისინი იმაგრებენ პოზიციებს და ოქტომბრის არჩევნებში მათი წარმატება რეალურია. თუმცა, შედეგის მომტანი ვერც ეს მცდელობა იქნება.


საბოლოოდ, შედეგი იქნება ის, რომ ოქტომბერში ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. ამ სამართლიან არჩევნებში ამომრჩეველი გამოხატავს თავის ნებას და მოსახლეობის მხარდაჭერის საფუძველზე, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს „ქართული ოცნება". „ნაციონალური მოძრაობა" კი მიიღებს იმ შედეგს, რომელსაც რეალურად იმსახურებს.


- ანუ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში?

 

- რა თქმა უნდა. შესაბამისად, ძალიან მოკლევადიანია ის მიზნები და გეგმები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" უკავშირებს ამ კვლევებს. მათი მიზნები ცხადია, თუმცა, ნამდვილად ვერ იქნება განხორციელებული იმიტომ, რომ ამ დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას ამის რესურსი არ აქვს. აღარაფერს ვამბობ რევოლუციურ სცენარზე, რომელზეც არის ხოლმე მინიშნებებით საუბარი. საქართველოს ხელისუფლება სრულად ფლობს ვითარებას ქვეყანაში. გამორიცხულია, ისეთმა მარგინალურმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა", შეძლოს რევოლუციური სცენარის განხორციელება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.



თამთა ქაჩარავა


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner