პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ესაა ის ვიდეო, რომელმაც მოულოდნელი ვნებათაღელვა გამოიწვია. მივედი, ვნახე, გადავიღე და დავდე.
მომეწონა! ჰო და, ბედნიერი ვარ-თქო, ვთქვი.
რაიო? ბედნიერი ხარო?
კი, მე ვარ ბედნიერი-თქო... მე... თქვენზე არ ვამბობ, ჩემ საკუთარ აზრს და განცდას ვაფიქსირებ, ჩემ საკუთარ გვერდზე, წავილუღლუღე...
ვინ მოგცა ბედნიერების ან საკუთარი აზრის ქონის უფლებაო, - შეჰკივლეს „ნაცებმა", „ევრონაცებმა", „ფეიკებმა", „დემოკრატ-ლიბერალებმა", სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლებმა, facebook-ის ლომივით კაცებმა და ცხრასართულიანით მოგინარმა ქალებმა... დამესიენ, მაგრამ რაფერ დამესიენ!... გამახსენეს ბაბაი ყანა!...
3 დღე და ღამე მოთმინებით ვადევნებდი თვალს, როგორ იღწვოდნენ კლავიატურასთან ციხისძირის ფლორა-ფაუნის „დამცველები", ორმოთმზომელები, ჟანგბადგამოლეულები, შეკვეთილის ეკალბარდ-ჭაობ-ჩამყაყებულ ეკოლოგიის მოტრფიალენი.
ე, ბიჭო, თქვი რამე არგუმენტი, გადაიღე და დადე ფაქტი-თქო, - ვთხოვე ერთი-ორს.
არაა.. შენც არ მომიკვდე!
როგორც ერთი, ისე გაჰკიოდნენ უნისონში, ხე რომ გადარგო, ორმო გაჩნდაო... გაჩნდებოდა ორმო, აბა, ჰაერში კი არ ეკიდა ის ხეები. შენ ის მაჩვენე, ამოუვსები რომ დატოვეს და კინაღამ რომ მოიმტვრიე ეგ გამოორმოებული თავი-თქო... არაო, „რუსთავი 2" გაჩვენებსო...
მაშინ, ხის პატრონი მაინც მითხარი, შენსავით გაბრაზებული და უჟანგბადობით შეწუხებული-თქო.
არაო, იმან ფული აიღო და კარგად ცხოვრობსო...
მაშინ, რა გინდა შე „დალოცვილო-თქო"?!
ჰოდა, სწორედ აქ დაიწყო, რაც დაიწყო...
P.S. ფაქტია, დენდროლოგიური პარკი შენდება! შესყიდული ხეების ნამოსახლარზე ახალი ნერგები იყრება, გზები იგება, ხის პატრონები კმაყოფილი და უზრუნველყოფილნი არიან!
საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, ურეკის სანაპირო, მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ ზონად კეთდება!
შენარჩუნებული და მოვლილია ზღვის განაპირა ტყის მასივები, რომლებშიც ორგანულად ეწერება მუსიკალური პარკი, მინიატურული საქართველო, ატრაქციონი, საკონცერტო დარბაზი, უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო და ულამაზესი დენდროლოგიური პარკი.
დასაქმებულთა შორის (მომსახურე პერსონალი და ადმინისტრაცია) კონკურსით უპირატესობა მიენიჭა ადგილობრივ მაცხოვრებლებს! 85% დასაქმებულთა ურეკიდან, ფოთიდან, ბათუმიდან და ქობულეთიდანაა. მათ გადაადგილებას მიკროავტობუსებით უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.
„ჩვენ გავცოცხლდით", - მითხრა შეფ-მზარეულის თანაშემწემ.
ახლა, კითხვა მაქვს ყველა იმ ტვინნაღრძობთან, ვინც სამი დღეა ჩემს ბედნიერებას აპროტესტებს, მლანძღავს და საკუთარ გვერდზე მწყევლის:
რა თქვენი საქმეა ჩემი პირადი დამოკიდებულება ფაქტებთან დაკავშირებით? ვინ მოგცათ უფლება, ამიკრძალოთ, ვიყო ბედნიერი?! რატომ აიძულებთ ადამიანებს, იცხოვრონ ნეგატივში და დაუჯერონ თქვენ ნაბოდვარს! რატომ გძულთ წარმატება და წინსვლა? რატომ იტყუებით? რამ გაგაბოროტათ? რატომ ითვლით სხვის ფულებს? რატომ იქეცით ოლია მათხოვრებად? რატომ ხართ კაცები ყვერულები? ( უზრდელობა რომ არ დამაბრალოთ, შეგახსენებთ, რომ ყვერული დაკოდილი მამალია, რომელსაც კვერცხების გამოსაჩეკად სვამენ)...
მოკლედ, მე მიყვარს ეს ქვეყანა! მე მჯერა წინსვლის! მე ვიცი, რომ მიშა აღარასოდეს დაბრუნდება და არც ის ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმი აღარ განმეორდება! ვერც ბოკერია ვერ იმიშებს! ვეღარ გახლეჩენ ქართულ ეკლესიას! ვეღარ ჩაგვითრევენ იარაღის ჩამოწერის მიზნით პროვოცირებულ ომებში!
მოკლედ, ვიცი, რომ გადავრჩით!
ჰოდა, ბედნიერი ვარ! ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!" - წერს ხოფერია.