საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც ბრალი ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას აქვთ წაყენებული, ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა.
სასამართლოს ჩვენება სდსს-ს უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მურად თურმანიძემ მისცა და 2009 წელს გაწეულ ფარულ ხარჯებზე ისაუბრა. მოწმემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც გრიფით „საიდუმლო" იყო, მისი მუშაობის პერიოდში გამოიცა და ფარული ხარჯებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 500 000 ლარი გამოეყო. მოწმემ ასევე ამ თანხების ხარჯვის სქემაზეც ისაუბრა. როგორც დღევანდელი პროცესის შემდეგ საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა, მოწმემ ასევე განმარტა, თუ რატომ ხდებოდა სდსს-ს მიერ ფარული ხარჯების გაწევა.
„მოწმემ ისაუბრა თუ რატომ, რა მიზეზით ხდებოდა სდსს-ს მიერ ფარული ხარჯების გაწევა პრეზიდენტისთვის. ეს გახლავთ ის რომ, 2009 წელს საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია გარკვეულ ხარჯებზე, რაც იმჟამინდელი პრეზიდენტისთვის მიუღებელი იყო და მოისურვა, რომ საზოგადოებრივ კონტროლს მოსცილებოდა ის ხარჯი, რომელიც განკუთვნილი იყო პრეზიდენტის პირად კომფორტზე და მის პირად შეხედულებებზე. დაცვის მხარე აპელირებს პრეზიდენტის განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც უნდა მოხმარებოდა გამოყოფილი თანხა დასაცავ პირებს, თუმცა ის უშუალოდ პრეზიდენტს ანუ მხოლოდ ერთ დასაცავ პირს მოხმარდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გამოყოფილი თანხის მიზანზე, რომ ეს მოხმარებოდა პრეზიდენტის ხარჯებს", - განაცხადა გიორგი მუჯირმა.