ავტორი ალა გრიგალაშვილი
„პარტიების უმრავლესობის ტრაგედიაა, რომ ორგანიზაციული და ფინანსური თვალსაზრისით ისინი არიან უაღრესად შეჭირვებულები", - აცხადებს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე. როგორც მან „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მდგომარეობა მათ საშუალებას არ აძლევს, წარმართონ სერიოზული პოლიტიკური საქმიანობა.
პოლიტოლოგი მიესალმება და ლოგიკურს უწოდებს, 2%-იანი პარტიების კვალიფიციურ სუბიექტებად გამოცხადებას.
„უმრავლესობის მზაობა იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურ სუბიექტებად გამოცხადდენ 2%-იანი პარტიები, ლოგიკური და რეალურია. ამ დონეზე ბარიერის დაწევა უფრო მეტ პარტიას მისცემს საშუალებას, გარკვეული ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლონ თავისი იდეების ჩამოყალიბების პროცესისა და პარტიული სტრუქტურების შექმნისთვის", - განაცხადა ბერიძემ.
მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხებზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
„დიალოგი ამ საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს მალე, რათა საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდეთ მკაფიო გზავნილი, რა თამაშის წესები არსებობს არჩევნების წინ", - აცხადებს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ბერიძის თქმით, ამის გაუქმება და პროპოპორციული წესით არჩევნების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია ამ არჩევნებისთვის. „თუმცა მიმაჩნია, ამის გაკეთება შეიძლებოდა ამ არჩევნებისთვისაც, პოლიტიკური პროცესი ხელისუფლებას და ოპოზიციას უფრო კონსტრუქციულად რომ ეწარმოებინათ", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.