„80 წლის წინ, 26 მარტს დახვრიტეს ბაბუაჩემი, მიხეილ კვიციანი. ბრალდება - ოცდაოთხი წლის აჯანყებაში მონაწილეობა. ორი კვირით ადრე დახვრიტეს, მისი სიმამრი და ჩემი დიდი ბაბუა, იოსებ ნიბლაძე", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.
„ოჯახს, როგორც ხალხის მტრებს, ჩამოართვეს კარმიდამო და გამოყარეს ქუჩაში. ეს ყველაფერი ვიცოდით, დახვრეტის თარიღი და კიდევ რაღაც საბუთები ცოტა ხნის წინ ვიპოვე არქივში.
დასახვრეტების სიაში ცხრა ადამიანია, თარხანოვი ნიკოლოზ დარჩოს ძე, კვიციანი მიხეილ(მუზა) ბედანის ძე, ელიზბარაშვილი ნიკოლოზ გრიგორის ძე, ჯუღელი ნიკოლოზ გიორგის ძე, ჩუგოშვილი ივანე დათას ძე, ცოკაშვილი პეტრე კიკოლას ძე, ტოკლიკაშვილი გიგო ისას ძე, ბიბილაშვილი გიგა ილიას ძე, ბიბილაშვილი კოტე ილიას ძე. სამწუხაროდ, სხვების შესახებ არაფერი ვიცი.
რამდენჯერ უთქვამთ, რას იზამთ, სახელმწიფოს მშენებლობას სჭირდებოდაო. ეგეთი სახელმწიფო ხომ ბოროტებაა და ამ უბედურების გამმართლებლები ბოროტების ყვავილებია", - წერს მაღლაფერიძე.