ჩემპიონთა ლიგის 2015/2016 წლების გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარეს მადრიდის „ატლეტიკომ" და მიუნხენის „ბაიერნმა". „ვისენტე კალდერონზე" ჩინებული საფეხბურთო გარემო სუფევდა და ფეხბურთელების თამაშზეც აისახა.
ესპანელებმა მოლოდინისამებრ ბრწყინვალე დისციპლინარული ფეხბურთი წარმოგვიდგინეს და გოდინის არყოფნა გუნდს ფაქტობრივად არ შეტყობია. მატჩი საერთო ჯამში, მეტ-ნაკლებად თანაბარი გუნდების დაპირისპირებას ჰგავდა და ალბათ ფრედ დასრულდებოდა, რომ არა საულ ნიგესის საოცარი სოლო რეიდი და ბრწყინვალედ განხორციელებული დარტყმა, რომელმაც მადრიდელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ამის შემდეგ მიუნხენელებს ანგარიშის გათანაბრების არაერთი კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა მადრიდელები ხან ობლაკმა იხსნა გაშვებულ გოლს და ხანაც კარის ძელმა. აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკომაც" რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, რომელთაგან გამოსარჩევი ტორესის გარღვევა გახლდათ, რომლის დარტყმის შემდეგაც ნოიერის კარი ძელმა იხსნა.
შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა და ყველაფერი „ალიანც არენაზე" გაირკვევა, სადაც „ბაიერნს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სასურველი ანგარიშით გამარჯვება სჭირდება, რისი მიღწევაც საკმაოდ რთული იქნება დიეგო სიმეონეს მიერ ამოშენებული კედლის წინააღმდეგ. თანაც გასათვალისწინებელია, რომ „ატლეტიკო" კონტრშეტევებზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ერთი სიტყვით, ესპანელებმა ბრძოლა მოიგეს, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა.
„ატლეტიკო" (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, სავიჩი, ფილიპე ლუისი - საულ ნიგესი (ტომასი 85'), გაბი, ფერნანდესი, კოკე - გრიზმანი, ტორესი;
„ბაიერნი" (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი (ბენატია 77') - ჩაბი ალონსო - კოსტა, ალკანტარა (მიულერი 70'), ვიდალი, კომანი (რიბერი 64') - ლევანდოვსკი;
გაფრთხილებები: საულ ნიგესი - კოსტა, ბენატია, ნოიერი, ვიდალი