ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის „ატლეტიკომ" მიუნხენის „ბაიერნი" მიიღო და დაძაბულ ორთაბრძოლაში 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ დაპირისპირების ყველაზე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს.
მიმდინარე სეზონში მადრიდის „ატლეტიკომ" ყველა ტურნირში ერთად, საკუთარი კარი 33-ჯერ შეინახა მშრალად - ეს იმაზე მეტია, ვიდრე ევროპის წამყვანი Top-5 კლუბის მიერ ნაჩვენები შედეგი.
დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით, მადრიდელებმა ჩატარებული მატჩების ნახევარზე მეტი (256-დან 135) გაშვებული გოლის გარეშე დაასრულეს.
მიმდინარე გათამაშებაში „ატლეტიკოს" არცერთი მატჩი არ წაუგია იმ 17 შეხვედრიდან (12 მოგება და 5 ფრე), რომელშიც სტეფან სავიჩი ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა.
„ატლეტიკოს" ნახევარმცველმა საულმა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მესამე გოლი გაიტანა - მეტი, ვიდრე ნებისმიერმა ესპანელმა.
მიმდინარე სეზონში დიეგო სიმეონეს გუნდმა 25-დან 23 მეტოქეს გაუტანა გოლი - გამონაკლისი მხოლოდ „ვილიარეალი" და „პსვ" იყვნენ.
მადრიდელთა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის მიერ გატანილი გოლების 50%-ში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი და 1 საგოლე პასი).
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, „ვისენტე კალდერონზე" „ატლეტიკოს" კარის დარაჯმა იან ობლაკმა უკანასკნელი 16 დარტყმა მოიგერია.
ობლაკმა ევროთასებზე საკლუბო რეკორდი დაამყარა მშრალი თამაშების რაოდენობით - ახლა მას ასეთი 8 მატჩი დაუგროვდა, რაც ერთით მეტია, ვიდრე მიგელ რეინას მიერ 1973/1974 წლების სეზონში ნაჩვენები შედეგი.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში უკანასკნელი 11 გასვლითი შეხვედრიდან პეპ გვარდიოლას გუნდებმა 5-ჯერ მარცხი იგემეს.
გვარდიოლა „ატლეტიკოს" წინააღმდეგ მესამედ დამარცხდა - ამაზე მეტჯერ იგი მხოლოდ მადრიდის „რეალს" ჰყავს დამარცხებული (4-ჯერ).
ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ 3 გათამაშებაში, „ბაიერნის" ფეხბურთელებმა 18-ჯერ მოარტყეს ბურთი მეტოქის კარის ძელს ან ხარიხას - ამ მაჩვენებლით მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგაზე ლიდერობენ.