დედაქალაქის მერი კახა კალაძე, არასრულწლოვანი გარემოვაჭრის, 15 წლის გიგი ანთაძის საკითხით დაინტერესდა და განაცხადა, რომ გარევაჭრობასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების დაცვა, გამონაკლისის გარეშე, სავალდებულოა და მოზარდს თავისი საქმიანობის ამ ფორმით გაგრძელების საშუალებას მერია ვერ მისცემს, თუმცა ქალაქის ხელმძღვანელობა მზადაა, გიგის ფინანსურად დაეხმაროს.
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, 15 წლის გარემოვაჭრის საკითხის გადაწყვეტა სთხოვა, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ყიდის.
„ასაკის მიუხედავად, ბიჭუნა კერძო ბიზნესშია ჩართული და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდას, რომელმაც პატარა ბიზნესი და მცირე შემოსავალი თავისით შექმნა, ყველანაირი პირობა ჰქონდეს. თუ საჭირო იქნება, მეც ჩავერთვები და ფინანსური დახმარებისთვისაც მზად ვართ", - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, 15 წლის გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, უკვე წლებია, რუსთაველის გამზირზე საკუთარი საცხოვრებლის სიახლოვეს, სხვადასხვა სახის ნივთებს ყიდის.