logo_geo
eng_logo
შსს-მ ბოლო სამ თვეში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა, 1402-ს კი შემაკავებელი ორდერი გამოუწერა
- +

29 მარტი. 2018. 13:20



შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავეს.


უფრო კონკრეტულად: აღნიშნული ბრალდებით თბილისში  დაკავებულია 424 პირი, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - 78, ქვემო ქართლში - 76, კახეთში - 68, შიდა ქართლში - 66, აჭარაში - 40, სამცხე-ჯავახეთში - 39, სამეგრელოში - 25, გურიაში - 25, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 14. მათი ძირითადი ნაწილის დაკავება მოხდა ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით.


გამოძიების დაწყების პარალელურად, მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სამართალდამცველებმა 1402 პირის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეებს დაუწესდათ გარკვეული შეზღუდვები და აეკრძალათ მსხვერპლებთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.


შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი მუშაობის შედეგად, პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წლის პირველ სამ თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ორჯერ მეტ - 1 179 შეტყობინებაზე, რაც ადასტურებს, რომ პოლიციისადმი ნდობა გაზრდილია როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან.


თუმცა ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისა და მომართვიანობის მნიშვნელოვნად ზრდის პარალელურად, არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც თავს იკავებენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობისგან, არ ატყობინებენ დანაშაულის შესახებ პოლიციას ან შეტყობინების შემდეგ უარს აცხადებენ მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რაც მოძალადეს უბიძგებს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე ძალადობის ჩადენისაკენ.


შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მსხვერპლს, ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, ითანამშრომლონ პოლიციასთან და გამოძიებასთან, რათა დაუსჯელი არ დარჩეს ძალადობის არც ერთი ფაქტი და მსხვერპლს მიეცეს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner