კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ ბაქრაძემ ბუტა რობაქიძის საქმის სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დეტალურად გაიხსენა იარაღის და საბრძოლო მასალის შემთხვევის ადგილზე მიტანის ფაქტი.
„მე ჩემი თვალით დავინახე, საპატრულო პოლიციის უფროსმა ზურა მიქაძემ როგორ მოიტანა იარაღი. გადმოიღეს ავტომატები და საბრძოლო მასალა. ეს იარაღები არ იყო შეფუთული. იქ მხოლოდ მიქაძე არ იყო და სხვებსაც გადმოჰქონდათ იარაღი", - განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.
კიდევ ერთი ბრალდებული, ირაკლი ფირცხალავა, დაინტერესდა, თუ სად იდგა მიქაძის ავტომობილი, როდესაც იარაღი გადმოჰქონდა ავტომობილიდან, თუმცა ზაზა ბაქრაძემ აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე იდგა ავტომობილი, თუმცა დეტალურად ვერ გაიხსენებს.
შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა „დღის თემაში" დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.