უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ დარეჯან თვალთვაძეს სტუდენტებთან შეხვედრისას ერთ-ერთმა სტუდენტმა, ელისაბედ გეგენავამ, მიმართა.
სტუდენტის განცხადებით, მას არ აქვს იმის განცდა, რომ არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე იქნება ობიექტურობის და სამართლიანობის გარანტი.
„იმ პერიოდში, როდესაც უნივერსიტეტში მიმდინარეობდა ჩარევა, ზეწოლა ლექტორებზე და პარტიული თამაში, თქვენ იყავით ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი და დღეს არ მაქვს იმის განცდა, რომ რექტორის არჩევნებზე ვინმე არ მოახდენს გავლენას და არ მოხდება არჩევნებში ჩარევა", - მიმართა ელისაბედ გეგენავამ დარეჯან თვალთვაძეს.
განცხადების შემდეგ სტუდენტმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა და უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პასუხი აღარ მოუსმენია.
სტუდენტმა დარბაზის დატოვების დროს განაცხადა, რომ შეხვედრას პროტესტის ნიშნად ტოვებს, რადგანაც უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიუხედავად „აუდიტორია 115"-ის წევრების მოთხოვნისა, ამ დრომდე არ შეხვდა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, იმ პერიოდში, რაზეც სტუდენტები საუბრობენ, კერძოდ, ლექტორებზე ზეწოლაზე და საუნივერსიტეტო პროცესში ჩარევაზე 2005 წელს, ის დეკანი არ იყო. შესაბამისად, თვალთვაძის თქმით, პასუხისმგებლობას არ იღებს მის მისვლამდე უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციაზე.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ შეხვდა „აუდიტორია 115"-ის წევრებს აქამდე, თვალთვაძემ განმარტა, რომ ის არ აპირებდა ორი დაპირისპირებული მხარიდან შეხვედროდა ერთ-ერთ მათგანს და სურდა, შეხვედრა ყოფილიყო ერთობლივად ყველა სტუდენტთან.