პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „საქსტატის" ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე კომენტარს აკეთებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცნობილი იყო მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების წინასწარი მონაცემები, მაინც მძიმე იყო იმ ციფრების მოსმენა, რაც „საქსტატის" ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. საქართველოს მოსახლეობამ 2002 - 2013 წლების მანძილზე 15%-ით იკლო. ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის ეს საგანგაშო მონაცემებია, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მოსალოდნელ შედეგებს უახლოეს 20 წელიწადში მოსახლეობის დინამიკის შესახებ. მჯერა, დღევანდელი ინფორმაცია არ იქნება სახარბიელო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, სწორედ ამიტომ არ აკეთებენ ისინი კომენტარს აღწერის შედეგებზე. მოსახლეობის ასეთი მასშტაბური კლება პირველად დაფიქსირდა 90-იანი წლების შემდეგ და ეს კლება სწორედ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მოხდა. თუკი ისინი აშენებდნენ ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოს, მაშინ რატომ გარბოდა ქვეყნიდან ხალხი?
მოსახლეობის კლება მიგრაციასთან ერთად გამოწვეულია 2002 წლიდან 2012 წლამდე სიკვდილიანობის ყოველწლიური მატებით. მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ჯანდაცვა ხელმიუწვდომელი იყო, უფულობის გამო ქუჩაში იღუპებოდნენ. სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო ციხეებში. მოსახლეობისგან დაიცალა მთიანი რეგიონები, სოფლები. ჩნდება ლოგიკური კითხვა - ხდებოდა თუ არა ყოფილი ხელისუფლებისგან რეგიონების და ტერიტორიების შეგნებულად დაცლა მოსახლეობისგან, რადგან შეუძლებელია, მათ არ ჰქონოდათ ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სწორედ ამ არასწორმა და ქვეყნისათვის საშიშმა პოლიტიკამ მოგვცა ის შედეგები, რაც დღეს „საქსტატმა" გამოაქვეყნა.
ვიმედოვნებ, მოსახლეობის ის ნაწილი, განსაკუთრებით, ჟურნალისტები, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ ჩვენს მიერ 3 წლის მანძილზე წარმოებულ ძლიერ დემოგრაფიულ პოლიტიკას, დღეს დამოკიდებულებას შეიცვლიან არსებული რეალობის მიმართ. რაც შეეხება მოსახლეობის 15%-იან კლებას, ფაქტია, ეს „ნაცმოძრაობის" მმართველობის შედეგია და პასუხისმგებლობაც სწორედ მათ ეკისრებათ.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, 3 წლის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით და გვაქვს პოზიტიური ცვლილებები. დღეს კი ვმუშაობთ სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციაზე, რომელსაც მალევე მოჰყვება სამოქმედო გეგმა. დღეს, ამ მონაცემების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს მიერ განხორციელებული სწორი დემოგრაფიული პოლიტიკა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.