„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ ნიჭიერი ქალბატონის ნააზრევი, ასე თუ აღმაშფოთებდა...", - ამის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი მწერალ ნაირა გელაშვილზე სოციალურ ქსელში წერს.
„მწერალ ნაირა გელაშვილს, თავისი დაწერილი „ამბრნი, უმრნი და არაბნი"- თ ვაფასებდი და მთელი ჩემი თაობა, მისი შემოქმედების გავლენას, მუდამ ვგრძნობდით ხოლმე... ყველას უყვარდა მაშინ, ეს ახალგაზრდა მწერალი ქალი და მათ შორის, ვიყავი მეც...
ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ ნიჭიერი ქალბატონის ნააზრევი, ასე თუ აღმაშფოთებდა...
საოცარია და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემს სათაყვანებელ მწერალს, ოდესღაც გონება დაებინდებოდა...
ახლახანს, მან ტვ-კომპანია „კავკასიაში" პანკისის ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შესახებ, ისაუბრა და განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა მოკლეს და ეს მათ განზრახ, მიზანმიმართულად მოახდინესო... ასევე, მან განაცხადა, რომ მას, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლებას, პანკისის ხეობის გაყიდვა უნდა...
ქალბატონო ნაირა, თქვენ რომ ჩემი კოლეგა და სკანდალების მაძიებელი ჟურნალისტი იყოთ, მაშინ მართლა გავიგებდი თქვენს არასერიოზულ და გაუაზრებელ მსჯელობას, მაგრამ, თქვენი ასაკის და გამოცდილების ადამიანს, ნამდვილად არ გეკადრებათ, ქვეყნისთვის საზიანო პროვოკაციების აგორება და თუ სახელმწიფოებრივად აზროვნებთ, (რაშიც ეჭვი მეპარება) მაშინ, კი უნდა ხვდებოდეთ, რომ თქვენს სიტყვას, სხვა რიგითი მოქალაქისგან განსხვავებით, სულ სხვა წონა აქვს და როგორც მწერლისთვის, ასევე როგორც ქალისთვის და დედისთვის, სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, გადაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის, მაჩალიკაშვილის სიკვდილის, სათქვენოდ და პროვოკაციულად, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება...
ქალბატონო ნაირა, თქვენმა საუბარმა მე პირადად, დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ თქვენ პანკისის ხეობაში სიტუაციის დაძაბვა გაწყობთ და მათ გასაღიზიანებლად, ტელეეთერიდან, უკადრებელს კადრულობთ.... თქვენ უაპელაციოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, გარდაცვლილ მაჩალიკაშვილს უდანაშაულოდ მიიჩნევთ და სამართალდამცავებს, მის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებთ.. ასევე, მტკიცებულებების გარეშე ამბობთ, რომ ხელისუფლებას პანკისის ხეობის გაყიდვა სურს, რათა ჰესები ააშენოს იქ მან და პანკისელების გაყრა სურს ხეობიდან...
დავუშვათ, ვიღაცამ დაიჯერა, ეს თქვენი საზიზღარი და არაკომპეტენტური მსჯელობა პანკისის ხეობაში, რას შვებით მაშინ, სიტუაცია რომ დაიძაბოს ხეობაში და თუნდაც ერთმა პანკისელმა, იარაღი რომ აღმართოს, იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვინც თავის დროზე, შეიფარა და შეიკედლა ეს ადამიანები?.. მაინტერესებს, ამის შესახებ, თუნდაც ერთი წუთით მაინც, თუ გიფიქრიათ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თქვენს ნააზრევს „კავკასიის" ეთერში?..
სინამდვილეში კი, თქვენ ნამდვილად დატოვეთ შთაბეჭდილება, გაბრაზებული ჭორიკანა ქალისა, რომელსაც კუთვნილი ხელფასი დაუგვიანეს და უფრო მეტის მიღების სურვილით, ბოღმა რომ ახრჩობს.....
ჭორაობაზე გამახსენდა... ისე მავანნი, იმასაც ამბობებენ, რომ ნაირა გელაშვილი, ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქციებს, ფულის სანაცვლოდ ლობირებსო... ასევე, ის ხმას არავის დასაცავად არ ამოიღებს, თუ ფული არ გადაუხადესო..... ამას ისე, ზოგადად... უბრალოდ ამბობენ, ქალბატონო ნაირა... ისე როგორც... თქვენი არ იყოს და... პანკისის ხეობის შესახებ თქვენ, რომ ავრცელებთ ჭორს, ყიდიანო...
მოკლედ, ახლა, ამ სიტუაციაში, თქვენმა ტვინმა, რომც იწვალოს, ამ ბინძური თემებით არის გაჯერებული, რომც შეეცადოს, იმ გენიალური მოთხრობის დაწერას, რომელმაც მე თავის დროზე შოკში ჩამაგდო, ქუჩაში თვალცრემლიანი ფრაზებს წარმოვთქვამდი და ვიმეორებდი დაუსრულებლად, ახლა „ამბრნი, უმბრნი და არაბნი" კი არა, მთხლეც კი არ გამოგივიდოდათ, ნამდვილი მთხლე!!!" - წერს ლიპარტელიანი „facebook"-გვერდზე.