„რესპუბლიკელებსა" და „მრეწველებს" შორის არსებული დაპირისპირება გახდება კოალიციის დაშლის მიზეზი? მით უფრო პრემიერ-მინისტრი ემიჯნება თოფაძის განცხადებას..." - for.ge-ს მიერ დასმულ შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი პასუხობს:
„კოალიციიდან გავიდა ერთი სუბიექტი, მაგრამ რამე ტრაგიკული არ მომხდარა. რასაკვირველია, „რესპუბლიკელებსა" და „მრეწველებს" შორის მედიატორად ვერ გამოვდგები. რაღაცნაირად დალაგდებიან, მაგრამ თუ დაიშლება, ამის მიზეზებსაც გავიგებთ. თუ დაიშლება, იქნებ ჯობდეს ან პირიქით. მარჩიელობას არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ ჩიხური სიტუაცია არ იქნება, გამოსავალი ყოველთვის გამოჩნდება.
რაც შეეხება ბატონი პრემიერის განცხადებას, ის მართალი ადამიანია, არავითარ შემთხვევაში ხელს არ შეუწყობს კონფრონტაციას, ყოველთვის იქნება ურთიერთგატანის და მშვიდობის მომხრე. ვეთანხმები პრემიერს. ქვეყნის მეთაურია და ბუნებრივია, რომ არ მოსწონს, როდესაც ეთიკა ირღვევა. საერთოდ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ კონფლიქტის მოყვარული ვარ, მაგრამ მგონია, რომ მშვიდობის მოყვარული ადამიანი ვარ. ვერ ვიტან უზნეო და ხეპრე გამოხტომებს, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისას" - თავმოყვარეობა არ გააჩნიათ.
როდესაც პრინციპული შეუთავსებლობაა, როდესაც არ იზიარებენ შენს პოზიციას, რასაკვირველია, გასვლა ჯობია. ჩვენ ნუ დავდგებით იმ პოზაში, რომ ყველაზე უკეთესად შეგვიძლია გავაკონტროლოთ საკუთარი ნერვები. ჩვენც ვუშვებთ შეცდომას, მაგრამ როცა ასეთი შეუთავსებლობა დგება, მაშინ გადაწყვეტილება უნდა მიიღო და დატოვო კოალიცია.
„რესპუბლიკელებმა" თვითონაც იციან, რომ საზოგადოებაში არ სარგებლობენ ავტორიტეტით. მე არ ვლაპარაკობ, რომ სხვა პარტიები „გლიჯავენ", მაგრამ ეს რეალობაა. თავს თუ მოიტყუებენ, თორემ არ მგონია, თვითონ არ ესმოდეთ, რომ არ არიან რეიტინგული და ავტორიტეტულები მოსახლეობის თვალში.
20-25 წელი რომ ამ პროცესში ხარ, არანაირი ავტორიტეტი ხალხში არ გაქვს, ხალხს არ უნდიხარ, მაგრამ ამის მიუხედავად გამოდიხარ და ატყუებ მათ, არა ბატონო, თქვენ ვერ ხვდებით, მე უნდა გმართოთო, ეს არის ხალხზე ძალადობა. ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰგონია, რომ სადღაც სხვაგან წყდება ქვეყნის და მათი პარტიის ბედი. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ქვეყნის ბედი წყდება ქვეყანაში, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფრად მიაჩნიათ მოსახლეობის აზრი და უნდათ, რომ თავიანთი აზრებით მართონ ქვეყანა", - აცხადებს პაპუაშვილი.