ჩემპიონთა ლიგის 2015/2016 წლების გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის „ატლეტიკომ" მიუნხენის „ბაიერნს"უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით - 1:0 სძლია. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ.
„ამ მატჩში ჩვენი გუნდი ახლოს იყო თავის საუკეთესო ვერსიასთან. შეხვედრა „ბარსელონასთან" მეოთხედფინალურ დაპირისპირებას წააგავდა. ვიცოდით, როგორ გვემოქმედა მსგავს შეხვედრაში.
„ბაიერნს" საქმის ვითარების შემობრუნება შეეძლო. პირველ ტაიმში თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობდით. საულმა საოცარი დრიბლინგი წარმოგვიდგინა. იგი დუელიდან გამარჯვებული მრავალჯერ გამოვიდა. მოხარული ვარ მის გამო.
წინ განმეორებითი შეხვედრა გველის, სადაც „ბაიერნს" გულშემატკივრები დაეხმარებიან, მაგრამ შანსი გვაქვს, გასვლაზეც გავიტანოთ გოლი. ეს პირველის მსგავსად, თანაბარი თამაში იქნება. ვნახოთ, ვინ გამოიყენებს თავისი შანსების უმეტესობას", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
„ატლეტიკოსა" და „ბაიერნის" მორიგი დაპირისპირება „ალიანც არენაზე", 3 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. წყვილში გამარჯვებული, გათამაშების ფინალში „მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის „რეალს" შორის ორი მატჩის მიხედვით გამარჯვებულს დაუპირისპირდება.