logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: არ ვიცი, რა მიზნით ხდება ჩემზე სიცრუის გავრცელება
- +

1 აპრილი. 2018. 14:10



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბოლო პერიოდში, სოციალურ მედიაში გააქტიურდნენ გაურკვეველი პირები, რომლებიც დეზინფორმაციას ეწევიან ჩემს შესახებ და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება.

 

გახსოვთ რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2014-2016 წლებში ვიმუშავე და ის, რომ თითქოს შსს-ში მუშაობის დროს სახელფასო დანამატი 67-ჯერ ავიღე, არის სიცრუე და ცილისწამება.

 

აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის პერიოდი ჩემთვის სასიამოვნოდ მოსაგონარია და არის შესრულებული სამუშაოები, რაც დღესაც კი მეამაყება, ამ პროექტებზე მუშაობისას ვიღებდი იმ ანაზღაურებას, რომელიც კონკრეტულად ჩემს პოზიციაზე კანონის მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდა. ეს იყო წლები, როცა მკვეთრად შევამცირეთ პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები, ტუბერკულოზით დაავადებულებს მივხედეთ და დავიწყეთ C ჰეპატიტის პროგრამა...

 

არ ვიცი, რა მიზნით ხდება ჩემზე ამ სიცრუის გავრცელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ საჯარო პირზე, პოლიტიკოსზე, მის საქმიანობაზე, დასაქმების ადგილზე თუ ფინანსურ მდგომარეობაზე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ინფორმაციის გამჭვირვალედ მოპოვება, ჭორების და უსაფუძვლო ბრალდებების მიუხედავად.

 

სტუდენტობიდან სწავლით, შრომით და ჩემი ქვეყნის სიყვარულით მოვედი დღემდე: უნივერსიტეტის ბოლო კურსიდან ვიყავი USAID-ის პროგრამის სტაჟიორი და შემდგომ თანამშრომელი 2006 წლის ჩათვლით; 2007-დან 2010 წლის ჩათვლით ვმუშაობდი სახალხო დამცველის ოფისში - ეს ის პერიოდია, როცა სოზარ სუბარმა ომბუდსმენის ოფისი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ინსტიტუტად აქცია; 2008 წლის ომის დღეებში ვიყავი კონფლიქტის ზონაში და 22 ოკუპირებულ სოფელში ვითარება ერთ-ერთმა პირველმა აღვწერე; 2011-2012 წლებში ვმუშაობდი USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პროგრამაში და თითოეული დღე, რომელიც უძლიერეს კოლექტივში გავატარე, მეამაყება. 2011-12 წლებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მთელს ქვეყანაში ერთადერთი დაცული სივრცე იყო, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, ჟურნალისტებს და უფლებაშელახულ ადამიანებს საკუთარი სათქმელის გამოხატვა შეეძლოთ.

 

მესმის, როცა პოლიტიკაში ხარ ადამიანი, ოპონირება ხდება სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, მაგრამ ზოგი ჯანსაღ კრიტიკას არჩევს, ზოგი კი - იაფფასიან ტყუილს.

 

დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემს გულშემატკივარს და თანამოქალაქეს მარტივად შეუძლია ინფორმაციის მოპოვებაც და ტყუილის სიმართლისგან გარჩევაც", - წერს თალაკვაძე.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner