დედაქალაქში უძრავ ქონების ბაზარი ყოველწლიურად ფართოვდება. მიზეზი ბევრია, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ის არის, რომ თბილისში მცხოვრებთა რიცხვი მუდმივად იმატებს. თანდათან უფრო ბევრ ადამიანს უჩნდება საჭიროება, სწორედ დედაქალაქში შეიძინოს უძრავი ქონება, რის გამოც თბილისის თითქმის ყველა უბანში აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს.
ალბათ საინტერესოა, თბილისის რომელი უბნებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი და როგორია უძრავი ქონების ფასები სხვადასხვა ადგილმდებარეობის მიხედვით. აღნიშნულთან დაკავშირებით, უძრავი ქონების სააგენტო Myclient.ge-ს დირექტორი გვანცა გუჯელაშვილი ისაუბრებს და გაგვაცნობს, რა ღირს დღეს დედაქალაქში უძრავი ქონება და რას ანიჭებენ ადამიანები უპირატესობას.
- რომელი უბნებია დღეს დედაქალაქში ყველაზე მოთხოვნადი?
- როგორც წესი, უბნის არჩევანს განაპირობებს ის, თუ რა მიზნით იძენს ადამიანი ამა თუ იმ უძრავ ქონებას: საცხოვრებლადაა გათვლილი თუ კომერციული მიზნით იძენ. მოთხოვნადი უბნები ორად რომ დავყოთ, გარეუბნებიდან მაღალი მოთხოვნა ვარკეთილსა და გლდანზე შეიმჩნევა, რაც ძირითადად ფასებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ცენტრალურ უბნებს, აქედან ყველაზე პოპულარული უძრავი ქონების მოთხოვნის კუთხით საბურთალოა.
- როგორი იქნება უძრავი ქონების ფასები 2018 წელს? ვარაუდობთ თუ არა რაიმე ცვლილებას?
- ვფიქრობ, გასულ წელთან შედარებით, 2018 წელს ფასები შედარებით გაიზრდება. როგორც ვიცით, რეგულაციების გამკაცრება იგეგმება, რაც თავის მხრივ ფასებს გაზრდის. საქმე ის არის, რომ რეგულაციების გამკაცრება ბევრად მეტი ნებართვის მიღებასთან და მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესებასთან იქნება დაკავშირებული. შესაბამისად, მშენებლებს, რომლებსაც მათ დაცვას უკვე კანონი დაავალდებულებს, სამშენებლო სამუშაოების თვითღირებულება შედარებით მეტი დაუჯდებათ, ეს კი ავტომატურად უძრავი ქონების ფასზეც იმოქმედებს. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, უარყოფითი მოვლენა არ არის, რადგან ის საკითხები, რომელთა მოგვარებასაც რეგულაციების გამკაცრება ისახავს მიზნად, ბევრად მნიშვნელოვანია.
- როგორია უძრავი ქონების ფასები სხვადასხვა ადგილმდებარეობის მიხედვით?
- უბნების მიხედვით რომ დავყოთ, ფასები რა თქმა უნდა, განსხვავებულია. დავიწყოთ გარეუბნებში საცხოვრებელი ბინებით. გლდანსა და ვარკეთილში საცხოვრებელი სახლის 1 კვადრატული მეტრი ფართის ფასი 450-650 დოლარის ექვივალენტით ლარში მერყეობს, ისანი-სამგორი 600-800 დოლარის ექვივალენტით ლარში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე 700-1500 დოლარის ფარგლებში, ხოლო ძველ თბილისში უძრავი ქონების დასები 750-1300 დოლარის ექვივალენტი ლარში.
- რაც შეეხება კომერციული ფართების ღირებულებას?
- კომერციული ფართები, რა თქმა უნდა, საცხოვრებელ ბინებზე ძვირი ღირს და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უბანში, ადგილმდებარეობის შესაბამისად, 1 კვადრატული კომერციული ფართი ფასი 50-100%-ით მეტია, ვიდრე საცხოვრებელი სახლის.