logo_geo
eng_logo
„ოთარ მეღვინეთუხუცესი ნიღბის მიღმა“ - გენიალური მსახიობის დუხჭირი ბავშვობა და არნახული წარმატების წლები!
- +

2 აპრილი. 2018. 00:09


 

„ოთარ მეღვინეთუხუცესი - ნიღბის მიღმა" - ასე დაარქვა ავტორმა ოლიკო ჟღენტმა თავის წიგნს, რომელიც გენიალურ ქართველ მსახიობს მიუძღვნა, სადაც მას სრულიად განსხვავებული რაკურსით წარმოაჩენს. წიგნში, რომელიც მისი გარდაცვალებიდან თითქმის 5 წლის შემდეგ გამოვიდა, სულ სხვა კუთხით ვეცნობით მეღვინეთუხუცესის ცხოვრებისა და შემოქმედების გზას. გთავაზობთ ეპიზოდებს წიგნიდან, რომელშიც გენიალური მსახიობის ერთგვარი აღსარება-მონოლოგია...


ოჯახი და ბავშვობა


„საქართველოში არსებობდა მეღვინეთუხუცესის ანუ მეღვინეთა უფროსის თანამდებობა. ცხადია, რომ მეღვინეთუხუცესი წოდება იყო და მეფის კარზე ღვინოს განაგებდა ეს კაცი, ამ საქმის ხელმძღვანელი იყო. პირდაპირ გვარი გვიჩვენებს, რომ ეგრეა... მამაჩემი გიმნაზიადამთავრებული გახლდათ, უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, გვარის ისტორია რომ მოეძია. გადმოცემით თუ მეტყოდა რამეს, ისიც ციციშვილებს მოიხსენიებდა ხოლმე. ვფიქრობ, რომ ჩვენი გვარის ძირიც კახეთიდან უნდა იყოს, რაკი გვარი ღვინოსთანაა დაკავშირებული და აქედან გადასული ქართლში. დედა - ელენე, ხორხელელი მეღვინეთუხუცესების შტოს ეკუთვნოდა. მათი ძირძველი სამკვიდრო ქართლია. ოთხი ვაჟის დაღუპვის შემდეგ, პაპაჩემს ქალიშვილების ანაბრად დარჩენილს, ერთ-ერთი ქალიშვლი - ელენე აწყურელი, ვახტანგ მეღვინეთუხუცესისთვის მიუთხოვებია. 1918 წელს ჩემი მშობლები დაქორწინდნენ...


1924 წლის ცნობილი აჯანყების ფონზე, ბოლშევიკები მეღვინეთუხუცესების ოჯახებს განსაკუთრებით დევნიდნენ. მიზეზი ქაქუცასთან ნათესაობა იყო. აჯანყების ჩახშობის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ემიგრაციაში გამგზავრების შემდეგ, ივანე მეღვინეთუხუცესი (მამაჩემის უფროსი ძმა) დახვრიტეს. მამა საფრთხისგან თავის არიდების მიზნით, ძმასთან - შაქროსთან ერთად, იძულებით აყრილა წინაპართა სავანიდან და ჯერ იმერეთში გახიზნულა...


1930 წელს ჩვენი ოჯახი თბილისში დასახლდა, სადაც მე 1932 წელს დავიბადე. სოფლელები ქალაქელებად ვიქეცით. ხუთსულიანი ოჯახი კავშირის, დღევანდელი თაყაიშვილის ქუჩაზე, ერთ პატარა ოთახში (9 კვადრატული თუ იქნებოდა) ვცხოვრობდით. ძლიერი წვიმის დროს ნიაღვარი ბინაში გვივარდებოდა. რომ დავბადებულვარ, აკვნის მაგივრობას ჭერში დაკიდებული ჰამაკი ასრულებდა. წამოვიზარდე თუ არა, ჰამაკიდან იატაკზე გადავინაცვლე. მამა რაიონში მუშაობდა, სამეურნეო ნაწილის გამგედ. ერთი უბრალო კაცი იყო, ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი. ხშირად უწევდა რაიონში მუშაობა, რათა ოჯახი ერჩინა. დედა ძალიან წვალობდა, გაჭირვებით გვზრდიდა.



მამა უდაბნოს მეურნეობაშიც (საგარეჯო) მუშაობდა. იქაურობა ქვეწარმავლებით იყო სავსე. მე კი ხშირად ფეხშიშველი დავრბოდი. უცებ განზე გავხტებოდი ხოლმე, ფეხი რომ არ დამედგა. ასეთი ბავშვობა მაქვს გამოვლილი, ფეხშიშველი სირბილი, ცხენით ჯირითი, ცურვა... დეიდა მყავდა მცხეთაში, იქ მივყავდი ხოლმე მშობლებს, სადაც მტკვარსა დ არაგვზე ცურვას ვსწავლობდი... მახსენდება უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, რომლის ბაღშიც ხშირად დავტანტალებდი პატარა ბიჭი - სტუდენტებს ვათვალიერებდი, განსაკუთრებით ლამაზ გოგოებს...


13 წლით უფროსი ძმა მყავდა, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, 1939 წელს ფინეთის ფრონტზე გაიწვიეს. ომის დასრულების შემდეგ, დიდხანს ვეძებდით, სამწუხაროდ, უკვალოდ დაიკარგა, ეს იყო დედაჩემის დიდი დარდი...


ჩვენი ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობდა, მაგრამ მამა ამას არაფრად აგდებდა. კარგად მღეროდა ხალხურ სიმღერებს. სტუმარი ჩვენს პატარა ბინას არ აკლდა. ზოგჯერ გვიანობამდე ვისმენდი სტუმარ-მასპინძლის სიმღერებს და ხუმრობებს. ისეთ ტრადიციებზე გავიზარდე, რომ ოჯახის მატერიალური უქონლობა დიდად არ მაწუხებდა. მამაჩემსაც არ აწუხებდა. ამ ჭკუით გამზარდა. მეუბნებოდა: მქონდა ყველაფერი, არ მიკვირდა, არ მაქვს, არც ეს მიკვირსო. ჩემი მდგომარეობის კაცს შეიძლება დღეს მეტი ჰქონოდა, მაგრამ არაა ეს ჩემთვის სადარდებელი.


მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი... არ შემეძლო. დედაჩემმა ჩემს ხელში დალია სული. რა უცნაურია ჩვენი პროფესია, თურმე ეს ყველაფერი ქვეცნობიერად მეხსიერებაში რჩება. იმ წუთებში ამაზე არ ფიქრობ, მაგრამ პროფესიული თვალსაზრისით იმახსოვრებ. როცა „ფიროსმანში" ვთამაშობდი, ის დედაჩემის - ჩემთვის ძვირფასი ადამიანის წასვლას მაგონებდა..."


პროფესიული არჩევანი


„იღბლიანი არტისტის იმიჯის მიუხედავად, არც გაცრუებული იმედები დამკლებია და ტკივილიც საკმარისზე მეტი განმიცდია. მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერ კაცად ვთვლი თავს, რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემ გვერდით იყვნენ ადამიანები, ვისიც ბოლომდე მჯეროდა და არავის უღალატია - არც ცხოვრებაში და არც საქმეში... ბოლოს მაინც თეატრმა გადამძალა... სკოლაში თანაკლასელი მყავდა - გურამ ჭიჭინაძე. სითამამით გამოირჩეოდა, კარგად მღეროდა, უკრავდა, იუმორის გრძნობა ჰქონდა, მე მორცხვი ვიყავი, მორიდებული და მომწონდა მასთან ურთიერთობა. ალბათ, ერთმანეთს ვავსებდით. ერთად მივედით „პიონერთა სასახლის" მხატვრული კითხვის კაბინეტში. მან შემდეგ სხვა პროფესია აირჩია. ნოდარ ჩხეიძეს, ჩვენს პედაგოგს, ყველა „ბიჭიკოს" ვეძახდით, ჩემი მომავალი ამ კაცმა განსაზღვრა. უნიჭიერესი არტისტი და არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ. ჩემი თაობის ბიჭებს თეატრის სიყვარული ჩაგვინერგა...


ეს იყო დაუვიწყარი უბედნიერესი ხანა ჩვენს ცხოვრებაში. იმართებოდა საღამოები, ვდგამდით სპექტაკლებს, ამ საქმის გარდა არაფრის კეთება არ გვინდოდა. ინსტიტუტში ჩემი საქმე უცნაურად წარიმართა. პირველი კურსის გამოცდები კარგად ვერ ჩავაბარე. იანვარში კინაღამ გამრიცხეს. ხდება ხოლმე, ზოგი ფრიადებზე ამთავრებს, მაგრამ საქმეს ბოლომდე ვეღარ მიჰყვება... მთელი ჩემი ახალგაზრდობა ლილი იოსელიანის ზედამხედველობით გავატარე. თვალდახუჭული ვენდობოდი, ყველაზე მეტი მან მომცა.



ლექციებს არაერთი ლეგენდარული ადამიანი მიკითხავდა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში აკაკი ვასაძემ უდიდესი როლი შეასრულა. მოგვიანებით რუსთავის თეატრში ერთად მუშაობისას დავმეგობრდით. მანამდე მასთან პირველ სადიპლომო სპეტაკლზე მომიწია მუშაობამ... 1954 წელს ინსტიტუტს ვამთავრებდი, როდესაც აკაკი ხორავამ ერთი სპექტაკლი დადგა, ჩვენი ჯგუფი მონაწილეობდა. სამ მსახიობზე თქვა ჩემთან თეატრში წაგიყვანთო. მე პირადი მოტივი მამოძრავებდა და ამის გამო არ მინდოდა რუსთაველის თეატრში მისვლა. მარჯანიშვილის თეატრში წავედი... უფროსი თაობის მსახიობები ახალგაზრდებს ძალიან გვიფრთხილდებოდნენ, ვუყვარდით. აკაკი კვანტალიანი ჩვენი მამობილი იყო, ზრუნვას არ გვაკლებდა...


„როდესაც სპექტაკლს ვთამაშობ, დაწყების წინ მეკითხებიან, თუ როგორ ვგრძნობ თავს, პასუხი ყოველთვის ერთია: მორჩება და მერე გეტყვით-მეთქი. სპექტაკლში „აურზაური არაფრის გამო" მედეა ჯაფარიძის პარტნიორი პირველად ვიყავი. ის ბიატრიჩე იყო, მე - ბედნედიქტი. ერთ რეპეტიციაზე ხელი ჯიბეში ჩამიყო. ვიფიქრე, ალბათ, როლისთვის რაღაც დეტალი მოიფიქრა-მეთქი. დამთავრდა რეპეტიცია, ვნახე, კვერცხი ჩაუდია. სხვა დღეს ვაშლი მომაწოდა. ესეც ისეთ დროს, რომ ვერ მოვახერხე მეკითხა, თუ რატომ. მივედი სახლში, მოვუყევი გურანდას ეს ამბავი და სიცილი აუტყდა - ჩემი ბრალია, მე ვუთხარი ქალბატონ მედეას, თუ ოთარი მშიერია, ცუდ ხასიათზეა, შეჭამს და კარგ გუნებაზე დადგებაო. თურმე ეს იყო ჩემი პროდუქტებით მომარაგების მიზეზი. მახვილ ჭკუასთან ერთად, ქალბატონ მედეას ასეთი გუყლუბრყვილობაც ახასიათებდა. მერე იყო ჩვენი შეხვედრა ფილმში „მზე შემოდგომისა" და სპექტალკლში „ოიდიპოს მეფე". არ შემხვედრია მსახიობი, რომელიც პარტნიორისთვის ამდენს იცლიდეს. ყოველი რეპეტიციისა და სპექტაკლის დროს გაძლევდა უამრავ შენიშვნას და იმავეს მოითხოვდა შენგან...



დათა თუთაშხია


„დათა არის ის, როგორიც მინდოდა, ვყოფილიყავი, ოცნება კი ყოველთვის ძვირფასია... ამ როლზე ძალიან იოლად ვიმუშავე. მხოლოდ ტექსტის სწავლა დამჭირდა. დათა სულში მიზის. „დათა თუთაშხია" ჯერ წიგნად არ იყო გამოცემული, მანქანაზე ნაბეჭდი მომიტანა თამაზ მელიავამ. თამაზი რომ გარდაიცვალა, მერე თენგიზ აბულაძეს უნდა გადაეღო ორსერიანი ფილმი. ისიც ამბობდა, თუთაშხია ალბათ, ოთარი იქნებაო. საბოლოოდ გიგა ლორთქიფანიძეს გადაეცა.


ამ როლზე სხვა ვინმე არც გაუსინჯავთ. აქცენტი თავიდანვე ჩემზე იყო, რომ მე უნდა მეთამაშა და მეც თავიდანვე ვიცოდი ეს. განგებამ დამაჯილდოვა, რომ ჩემით დაინტერესდნენ. არც თუთაშხიას როლი იქნებოდა, გიგა ლორთქიფანიძეს რომ არ ეთქვა სამხატვრო საბჭოსთვის, თუ ოთარი არ შეასრულებს ამ როლს, არ გადავიღებო. არადა, რა ცოდო ვიქნებოდი, ამ როლს ჩემთვის გვერდი რომ აევლო! ბევრი მნიშვნელოვანი სცენა ამოჭრეს, თავდაპირველად, თერთმეტ სერიას ვაპირებდით, მაგრამ მოსკოვმა თანდათან ჩამოჭრა და 7 სერიაზე დაიყვანა. როცა გადაღებული ნახეს, საბედნიეროდ, თქვეს: სურათი გამოვიდა და ხელს ნუღარ ახლებთო. ცენზურის თვალსაზრისითაც, რუსულ ვარიანტში ტექსტები ამოყარეს, თუმცა ქართულში ისე დარჩეს, როგორც საჭიროაო.



გურანდა - ოჯახი


გურანდა ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც გავიცანი. ბორჯომში თეატრის გასტროლებს მართავდა ფოთის თეატრი, რომლის სპექტაკლში გურანდაც მონაწილოეობდა. მისი მამა - გიორგი გაბუნია იმავე თეატრის ხელმძღვანელი იყო. გურანდაზე 5 წლით უფროსი ვარ. ცხადია, მაშინ არც კი მიფიქრია, სერიოზულად შემეხედა მისთვის, პირიქით, არ მომეწონა მისი სითამამე და ვიფიქრე, როგორი ქალაბიჭა და ახტაჯანა გოგოა-მეთქი. გავიდა დრო და გურანდა თეატრალური უნივერსიტეტის სცენაზე ვნახე. ძალიან მომეწონა, კარგად თამაშობდა. თურმე თვითონაც ესწრებოდა ჩემს სპექტაკლებს. ერთხელ მამაც კი მიუყვანია და უკითხავს - ის ბიჭი როგორ მოგწონსო? როგორც დამწყები მსახიობი, არ არის ცუდიო. როგორ, არ მოგწონსო? - ჯიუტად ჩააცივდა თურმე გურანდა.



ალბათ საერთო პროფესიულმა ინტერესმაც განსაზღვრა, რომ ერთად ვყოფილიყავით. ცოდოა ადამიანი, თუ სიყვარულმა გვერდი აუარა და ამ გრძნობის გარეშე ჩაიარა მისმა ცხოვრებამ. სიყვარული თავზარდამცემი რამ არის, რომელიც შეიძლება როგორც დიდი ბედნიერების, ისე უბედურების მიზეზი გახდეს... თუ შენი საქმე ძალიან გიყვარს, ხშირად ოჯახისთვის ვეღარ იცლი. რაღაც ეჭვიანობის საბაბიც ხდება. მხოლოდ შენი საქმე გაინტერესებს. როცა საქმეში ერთად არიან, ეს თითქოს უნდა აადვილებდეს ყველაფერს. პარადოქსი ისაა, რომ ხანდახან ორივე ნიჭიერია, ერთ საქმეს ემსახურება, ერთმანეთიც უყვართ, მაგრამ მაინც ინგრევა ოჯახი. ასეთ რამეს ერთმანეთთან შეჯიბრი იწვევს. ოჯახები დანგრეულა იმის გამო, რომ ერთს მეორესთვის უჯობნია. გურანდას ჩემთვის საყვედური ხშირად უთქვამს, მუშაობაში ხელს მიშლიო. მინდა, რომ ყველაზე კარგი იყოს. ამას დროს სჭირდება. მე ვერ ვითმენ და შენიშვნებს უხეშად ვაძლევ. ამ დროს ცოტა უჭირს, მაგრამ მაინც გვიყვარს ერთად მუშაობა. ჩვენი მუშაობა ხელს გვიწყობს, სასიყვარულო სცენებს უფრო ადვილად ვთამაშობთ. მეგობრებიც ვართ და ერთმანეთს ვენდობით... გურანდასთან, სცენაზე როგორც პარტნიორთან თავისუფლებას ვგრძნობ, ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ...


...ოჯახში კიდევ მყავს ერთი წევრი, ვისაც მოთმინებით ვუგდებ ყურს - ეს ჩემი ქლიშვილია. თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან მჯერა ჩემი შვილის, თუნდაც იმიტომ, რომ ის შვილია და ღალატის ნატამალიც კი გამორიცხულია. მწამს მისი ინტელექტის, გემოვნების და განათლების..."


 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner