მადრიდის „რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე ნახევარფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მოედანზე ვერ ვიხილოთ.
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 34-ე ტურში, „ვილიარეალთან" (3:0) დაპირისპირების დროს, პორტუგალიელმა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც ქვეყნის შიდა პირველობაზე „რაიო ვალეკანოსთან" (3:2) და ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან" (0:0) თამაშები გამოტოვა.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, AS-ის ცნობით, გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ რონალდუ ლა ლიგაზე „რეალ სოსიედადთან" დაპირისპირებას გამოტოვებს და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე, „მანჩესტერ სიტისთან" საპასუხო მატჩშიც ვერ მოხვდეს განაცხადში. მოსალოდნელია, რომ პორტუგალიელის აღნიშნულ მატჩში მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება დაპირისპირების დღეს გახდება ცნობილი.
მიმდინარე სეზონში რონალდუმ „რეალის" მაისურით 44 მატჩი ჩაატარა და მათში 47 გოლითა და 15 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.