„მე მაინც დავბრუნდები" - ეს არის ის, რითიც სააკაშვილი ცდილობს იმ გუნდის გამაგრებას, რაც ჯერ კიდევ შემორჩა", - ასე ეხმაურება „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი 2016 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. როგორ მოროშკინამ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და საქართველოში მხოლოდ ბორკილებით დაბრუნდება.
„ეს არის გამორიცხული. ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე და თუ დაბრუნდება, მხოლოდ ბორკილებით. რაც უფრო მალე ჩაბარდება საკუთარი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს, მისთვის უკეთესი იქნება. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მარტო მის დასიებულ სახეს რომ შევხედოთ, დიდი სამედიცინო გამოცდილება არ გვჭირდება, რომ მივხვდეთ - სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.
სააკაშვილი უკან ექაჩება თავისი გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც ჯერ ვერ მოასწრეს პოლიტიკისგან განზე განდგომა. ის აბაკუნებს ფეხებს და ყველასგან ითხოვს გვერდში დგომას, თუმცა, ვერ იღებს ადეკვატურ ქმედებას ყოფილი გუნდის წევრებისგან.
მისი ერთადერთი გამოსავალი პროვოკაციების მოწყობაა. ის ქმედებები, რომელსაც დღეს მისი გუნდის წევრები ახორციელებენ, არის პირდაპირი საბოტაჟი და მიმართულია პერსონიფიცირებულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. რადგან, მათ კარგად იციან, რომ სწორედ ერთმა ბიძინა ივანიშვილმა შეძლო საქართველოს დახსნა „ნაციონალების" კლანჭებიდან. „ნაცები" ახლა, როგორც მომაკვდავი გველეშაპი, კუდის ქნევის პროცესში არიან", - აღნიშნა მოროშკინამ.