logo_geo
eng_logo
გიორგი გიორგანაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
- +

2 აპრილი. 2018. 16:09



საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მსჯავრდებულ გიორგი გიორგანაშვილს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს:


„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 მარტს, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენის, შენახვის და  საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დაკავებულმა, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორმა ი.ქ-მ 2017 წლის იანვარში თავის ნაცნობებთან გ.გ-სთან და ჯ.ხ-სთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანის გეგმა შეიმუშავეს და როლები გაინაწილეს. შეთანხმებისამებრ ი.ქ-ს ფინანსური დახმარებით გ.გ. საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც  2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა  და უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის" შემცველი 900-მდე აბი.

 

აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზების მიზნით ი.ქ.-მ, რომელიც 2017 წლის იანვრიდან ფაქტობრივად ახორციელებდა დირექტორის ფუნქციებს მამამისის თ.ქ-ს კუთვნილ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში", შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში"  რეანიმობილის მძღოლად მუშაობა დააწყებინა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ჯ.ხ-ს. ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ჯ.ხ. 2017 წლის 23 იანვარს რეანიმობილით უნდა გამგზავრებულიყო თურქეთში, ქალაქ ტრაპზონში, სადაც მას გ.გ. შეხვდებოდა და ნარკოტიკულ საშუალებებს გადასცემდა, რასაც ჯ.ხ. რეანიმობილით, შენიღბული გზით უკანონოდ შემოიტანდა საქართველოში და ი.ქ-ს. გადასცემდა. დანაშაულებრივი მიზნით თურქეთში რეანიმობილის გამგზავრების შესანიღბად, ი.ქ-მ დაიყოლია მათი საერთო ნაცნობი ლ.შ, რომელსაც რეანიმობილით საზღვარგარეთ ტრანსპორტირების არანაირი სამედიცინო საჭიროება არ გააჩნდა, ჯ.ხ-ს  რეანიმობილით ქ.ტრაპზონში წაჰყოლოდა სისხლის ანალიზის ასაღებად და ხელოვნურად მოძიებულ პაციენტს  კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი და ექთანი გააყოლა. 

 

2017 წლის 23 იანვარს თურქეთის მიმართულებით მიმავალი რეანიმობილი გზაში  გაფუჭდა, რის გამოც ექიმს და ექთანს, ვინაიდან ლ.შ-სთვის სისხლის ანალიზის აღება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას არ წარმოადგენდა, თბილისში დაბრუნება სურდათ. მიუხედავად ამისა, დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი.ქ-მ ისინი არ დააბრუნა თბილისში და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ახალციხის ფილიალიდან სხვა რეანიმობილი გამოიძახა, რომელსაც ჯ.ხ.-ც გაჰყვა, ვინაიდან დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად სწორედ იგი უნდა შეხვედროდა ქ. ტრაპზონში გ.გ-ს და საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები რეანიმობილით წამოეღო.

 

2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, გ.გ-მ ჯ.ხ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის" შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რაც ჯ.ხ-მ რეანიმობილში მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალა და 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის" გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯ.ხ. 2017 წლის 24 იანვარს თბილისი-სენაკი-ლესელიძის მე-17 კილომეტრზე დააკავეს. მისი მითითებით რეანიმობილში არსებული სამალავიდან ამოღებული იქნა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ხ.ჯ. ამჟამად მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის და საქართველოში მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანისთვის.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ი.ქ. 2018 წლის 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" და „ბ"  ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ვინაიდან გ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის იხდის სასჯელს, მას ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა.

 

ი.ქ.-სთვის და გ.გ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner