ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში ფოტოს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ისტორიისთვის შეიძლება ნახევარი საუკუნეც არაფერი იყოს ან ერთმა წამმა შეცვალოს ისტორია, ოცდაათ წელზე მეტი გავიდა და ადამიანისთვის ეს ხუმრობა აღარაა...რთულმა წლებმა თავისი ქნა, სიბერე შეეპარა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ აქტიურ წევრს და ღირსეული გვარის წარმომადგენელს თინა ერისთავს... პოლიტიკურმა რეპრესიებმა თუ სოციალურმა სიდუხჭირემ თავისი კვალი დაამჩნია... თინა ერისთავი ცოცხალ-მკვდარი გამოიყვანეს 9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს ორპირ ალესილი ნიჩბით შუაზე თავგაჩეხილი... ეროვნული გმირების დიდმა სიყვარულმა გადაარჩინა და „ელიტარული საზოგადოებისთვის" იქცა საძულველ კარვის ქალად.... მრავალჯერ დააპატიმრეს, ფიზიკურად არა ერთხელ გაუსწორდნენ „დუბინკებით" და ელექტრო შოკებით, მაინც ვერაფრით გატეხეს... შემდეგ კი იყო დავიწყების წლები, თინა ერისთავი აღარსად სჩანდა და ბოლო წლები ხშირად გამიფიქრია მასზე ცოცხალია? ნეტავ სად არის? ვერსად მივაგენი... ასე ჩაიარა დიდმა დრომ და აი ამა წლის 31 მარტს თინა ერისთავი მთავრობის სასახლესთან მოვიდა... მოვიდა ისევ მიტინგზე, ისევ მისთვის საყვარელი პრეზიდენტის დაბადების დღეზე, შეცვლილა, როდესაც ახლოს მოვიდა და გადამეხვია მაშინ ცხადია ვიცანი... გული მომეწურა... კი არ დადიოდა დაფრინავდა, თავისი შემართებით, პატრიოტიზმით, ბევრ ახალგაზრდას ჯობნიდა ენერგიით... მინდა დიდ ხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გაძლება ვუსურვო! იქნებ გამოანათოს იმ სასურველმა იმედის სხივმა რომელსაც დამოუკიდებელი საქართველო ჰქვია... ის შინდისფერი საქართველო რისთვისაც თავს არ ზოგავდა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და მასში მყოფი მამულიშვილები!
გამომშვიდობებისას მითხრა: მე ჩემი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ერთგული დავრჩები სიცოცხლის ბოლომდეო! ამაში ეჭვიც არ მეპარება, ჭეშმარიტად ასე იქნება!" - წერს შონია.