საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თანდართული ფოტო ასახავს ფრაგმენტს სააკაშვილის ინტერვიუდან. დააკვირდით, ის 2008 წლის ივლისის ბოლოს იხსენებს...
საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ხლართავს შავ ღრუბლებს ჩვენი ქვეყნის თავზე. 2008 წლის მაის-ივნისის პოლიტიკურ ქრონიკას გადაავლეთ თვალი და გაგახსენდებათ მოვლენების ჯაჭვი.
2008 წლის ივლისში ეს ქვეყანა- საქართველო პრაქტიკულად წინასაომარ ვითარებაშია და კვლავ დააკვირდით: ხელისუფლების მინისტრთა დიდი ნაწილი (ვითომ დასასვენებლად) იმყოფება საზღვარგარეთ. ეს ალიბია. შვებულებაში გასვლის თემა დასავლეთის კითხვების გასანეიტრალებლად იყო შექმნილი. აი, ზაფხულია. და ჩვენ ვისვენებთ: იტალიაში, ზოგი- საბერძნეთში, ზოგი- ესპანეთში. აზრადაც არ გვაქვს, რომ ომი დაიწყება. სინამდვილეში, პროვოკაციების კასკადი დახლართეს. ერთი კი არა, 9 კოცონი დაანთეს და გაიპარნენ...
საქართველოდან გაიქცნენ. გაარიდეს საკუთარი ოჯახები. ქვეყანა და ხალხი მიატოვეს.
გრძნობდნენ რა და იცოდნენ რა, რომ ომი იყო ძალიან ახლოს, სარდინიაზე კი არა, წაღვერში წასვლის უფლება არ უნდა მიეცათ საკუთარი თავისთვის, მაგრამ კურდღლებივით გაცურდნენ. ზოგიერთი ქვეყანაში მაშინ შემოცურდა... მაგ. 9 აგვისტოს, 10 აგვისტოს... როცა ყველაფერი სამარცხვინოდ იყო გაჩუქებული და კოდორი იყო დარჩენილი ჩასაბარებლად. ისიც ჩააბარეს. ახლა ამოცანა გვეკითხება:
1. როცა ომი იწყებოდა და შენ ეს იცოდი, რატომ გადაწყვიტე სარდინიაზე დასვენება?
9 აგვისტოდან კი არა, 2008 წლის იანვრიდან უნდა გდებულიყავი შენს სამშობლოში, ფეხმოუცვლელად! და ჩაგექრო ყველა კოცონი, მაგრამ კოცონს კი არ აქრობდი, ანთებდი. აღვივებდი. კბილებს აკრაჭუნებდი. ჟანგიან ტანკებს დასცინოდი.
2. ჩემთვის და ყველა ქართველისთვის (2008 წლის ზაფხულში) წითელი ხიდი სააკაშვილის ხელისუფლების კურდღლობის ილუსტრირების სიმბოლოდ იქცა... თორემ ზოგი აეროპორტიდან გაფრინდით და ზოგიც სიდედრებიანად სატვირთო მანქანას შემოასხედით და თქვენი ბარგი-ბარხანით მოკურცხლეთ საქართველოდან ანუ მოტყდით. თქვენი ინტერპრეტაციით, თურმე... დასასვენებლად წახვედით. მიტოვებული ქვეყნისა და ხალხისთვის აზრი იმას კი არ აქვს,- კონკრეტულად, რა მარშრუტით დატოვეთ ქვეყანა... ეს ქვეყანა განსაცდელში რომ მიატოვეთ, სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები რომ გაწირეთ, ახალგორი და კოდორი რომ ჩააბარეთ, ამიტომ უნდა გასამართლდეთ, როგორც მოღალატეები და გეუბნებით, ეს დღე დაიმახსოვრეთ: აუცილებლად გასამართლდებით.
3. ამას წინათ თარხან- მოურავის ყველა წინაპარი გამოიწვიეს. ვარწმუნებ, ადრესატთან მივა ყველა, ვახტანგ გორგასლით დაწყებული გიორგი მეთორმეტეთი გაგრძელებული. უბრალოდ, გვარში მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არ გყავთ? ისინი დაახვედრეთ. მაინც და მაინც "ამ საქმეში" გამოწრთობილ მამიკოებს ნუ შეაწუხებთ", - წერს ინაშვილი.