საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დასახელებულ იზაბელა ოსიპოვას მხარს ვერ დაუჭერს. ამის შესახებ ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რა აზრი აქვს საერთოდ პარლამენტის მიერ დანიშნული საზმაუს ბორდის შესარჩევი კომისიის არსებობას, თუ მათ შეფასებებს არ ვიღებთ მხედველობაში? როგორ შეიძლება ბორდის წევრად არ წარვადგინოთ კანდიდატი, რომელიც ჩვენ მიერვე დანიშნული ამ სპეციალური კომისიის უმაღლეს, ცხრა ქულას მიიღებს. კი ბატონო, ორივე ცხრაქულიანი კანდიდატი მყავს მხედველობაში - ია მამალაძეც და ნინია კაკაბაძეც. მაშინ რა გამოდის, ან კომისიას არ ვენდობით, რომელიც ჩვენ თავად დავაკომპლექტეთ, ან ეს ყველაფერი სრული ფორმალობაა და ამას შეგნებულად ვეგუებით?
მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველმა დღეს შეცდომა დაუშვა, რასაც შეიძლება არასასურველი განვითარება მოჰყვეს. მას უნდა დაესახელებინა არა ერთი, არამედ ორი კანდიდატურა მაინც საზმაუს ბორდის წევრად საკუთარი კვოტით ასარჩევად და პარლამენტისთვის უნდა მიეცა საშუალება, ამ ორ კანდიდატს შორის არჩევანი თავად გაეკეთებინა. მით უმეტეს, რომ სხვადასხვა კანდიდატებს სხვადასხვა ანგარიშგასაწევი ორგანიზაციები უწევდნენ რეკომენდაციას. სახალხო დამცველმა მხოლოდ თავისი თანამშრომელი წარმოადგინა ასარჩევად და დემონსტრაციულად, მხოლოდ კანდიდატების მხარდამჭერთა ერთი ნაწილის მხარე დაიჭირა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მაქვს წამოყენებული კანდიდატურის საწინააღმდეგო, ასეთ „არჩევნებში" მე მას მხარს ვერ დავუჭერ და ზუსტად ვიცი, ბევრ ჩემს კოლეგას იგივე პოზიცია აქვს დღეისათვის", - წერს კვაჭანტირაძე.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში თავისი კვოტით იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა დაასახელა.