როგორ, რატომ და რისთვის შექმნა ფულის გათეთრების „მახინა" ჯერ კიდევ 2006 წელს მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმური ადმინისტრაცია უწოდა? რატომ დანიშნა სოფელ ქურთას პრეზიდენტად ვინმე დიმიტრი სანაკოევი, რომელიც თავის დროზე ცხინვალში ქართველებზე ნადირობდა? ამ თემაზე ამჟამად ამერიკაში მცხოვრები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ცაბოშვილი საუბრობს:
„დიახ, არა მარტო მაშინ, როცა ეს ადმინისტრაცია ქურთაში იყო, არამედ 2008 წლის ომის შემდეგაც 19-მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა. სად, როგორ და ვინ განკარგავდა ამ თანხებს, არავინ იცის. დასაწყისში საერთოდ შავი ბუღალტერია მოქმედებდა, ჩემოდნებით მოჰქონდათ ფული და ასე ინაწილებდნენ. მე კარგად მახსოვს ჩემი საუბრები უშიშროების მაშინდელ წარმომადგენლებთან, როცა ერთ 50-დოლარიან სკამში 500 დოლარს იხდიან, სად მიდის ამდენი ფული-მეთქი? სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხშირად იყო, მაგრამ როცა ფულის გათეთრებაზე მიდიოდა მუშაობა, ხმას ვინ ამოიღებდა? მეტსაც გეტყვით, ალბათ გახსოვთ, მაშინ გაკეთდა შემოვლითი გზა ერედვიდან. ძალიან საინტერესოა, რამდენი დაჯდა ეს გზა, რამდენი იხარჯებოდა მის ვითომ შეკეთებაზე? მილიონები.
ჯერ შეიქმნა ალტერნატიული არჩევნების პრეცედენტი. თავიდან მე ვიყავი, დიმიტრი სანაკოევი და კიდევ რამდენიმე ოსი. იმ ეტაპზე არ ერქვა ადმინისტრაცია, ჩატარდა არჩევნები იმ ადგილებში, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა და პრეზიდენტად აირჩიეს დიმიტრი სანაკოევი. იმ პერიოდში მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, შემდეგ გადაერქვა სახელი და გავხდი ინტეგრაციის მინისტრი. იმ პერიოდში სანაკოევსაც შეეცვალა სტატუსი და გახდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ვის სჭირდებოდა სანაკოევი? ეს ძალიან საინტერესოა... მე თავის დროზე მქონდა იდეა, მაგრამ შემდგომში უშიშროებას, მიშას და ვანო მერაბიშვილს ერთდროულად გაუჩნდათ იგივე აზრები. მანამდე მე ვფიქრობდი და რუსეთმაც შემიწყო ხელი, რომ ცხინვალის არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა. ამაზე ღიად ვლაპარაკობდი, წავედი მოსკოვში, მქონდა შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში და ასე შემდეგ. 2006 წლის ოქტომბრამდე მე ქართულ უშიშროებასთან არ მქონდა არანაირი შეხება, მაგრამ თვითონ მთხოვეს შეხვედრა და მითხრეს, მონაწილეობა მიიღეთ აქეთ მხარეს, ანუ ალტერნატიულ არჩევნებშიო. ჩემი აზრით, ასეთი აზრი მიშას და ვანოს თავებში მომწიფდა. თავისთავად იდეა ურიგო არ იყო, თუ შევიმუშავებდით სწორ პოლიტიკას. ამ დროს ქართულმა მხარემ ოსური მხრიდან დაიწყო ბნელი წარსულის მქონე ადამიანების გადმობირება, მოსყიდვა. ასეთების გადმოსვლა დიდი ვერაფერი შეღავათი იყო ამ იდეისთვის. ფაქტობრივად, მე ეჭვები გამიჩნდა 2007 წლის დასაწყისში, თუნდაც იგივე ფინანსური მომენტების შესახებ, საკადრო პოლიტიკის შესახებ. ე.წ. მთავრობაში, რომელიც სოფელ ქურთაში განთავსდა, ისეთი გაბერილი შტატები იყო, ლამის გული მისკდებოდა. ლამის ყველაფერის სამინისტრო შექმნეს და დაახლოებით 500 ადამიანი შეყარეს. წარმოიდგინე, მე ვიყავი მინისტრი და ამ დროს არავინ არაფერს მავალებდა, არავინ არაფერს მთხოვდა და არავინ არაფერს მაკეთებინებდა. უბრალოდ მოდიოდა ფული და მე არ მინდოდა ასეთი ფულის აღება. მე მაინც არ ვეპუებოდი, ჩემებურად ვცდილობდი, მემოქმედა, მაგრამ ყველანაირად მიშლიდნენ ხელს... პირველ რიგში სანაკოევები, რომლებიც პიროვნულად ვერ მიტანდნენ. დიმიტრი თავისას აკეთებდა, ხოლო მეორე, გოგა სანაკოევი - თავისას. ამ უკანასკნელმა საერთოდ ვერ გაარკვია, ვინ იყო, აგვისტოს ომის შემდეგ გაიქცა და თავისი პირით აღიარა, გრუ-ს აგენტი ვიყავიო. სხვათა შორის, ვანო მერაბიშვილმა ძალიან საინტერესოდ დაიცვა: არა, კაცო, გოგა სანაკოევი კაი კაციაო. ესენი რომელ აგენტებზე და ჯაშუშებზე ლაპარაკობენ, როცა თვითონვე თანამშრომლობდნენ ასეთებთან?
რა როლი ითამაშა სანაკოევის ადმინისტრაციამ აგვისტოს ომში? არაფერი... ის იყო აგრესიული და თვითდაჯერებული ახალგაზრდა ადამიანების მარიონეტი. ყველა თანამდებობის პირს მოჩენილი გვყავდა თითო კაცი უშიშროებიდან. მათ უნდოდათ უფრო მეტი ინფორმაცია და ყველაფრის გაკონტროლება. ჩემი შეჩერება არც ისე იოლი იყო, მე ძალიან დიდი გამოცდილება მქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მხრივ, კონკრეტულად ვგულისხმობ ეუთოს. ერთხელ სანაკოევი მეუბნება, ჩვენ თათბირი გვქონდა, სად იყავიო? ეუთოს წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა-მეთქი. სულ შენ რატომ დადიხარ ცხინვალში, ერთხელ ეგენი ჩამოვიდნენო. გადავრეკე, დამთანხმდნენ და რამდენიმე დღეში მართლაც ჩამოვიყვანე. მე არ დამავიწყდება სანაკოევის არასერიოზული დამოკიდებულება, ამ ადამიანმა ვერც კი გააცნობიერა, ვისთან ჰქონდა საქმე. აი, აქ უკვე მივხვდი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ფულს გამოკიდებული კიკინა და მეტი არაფერი.
მახსოვს მეორე მომენტი, უნდა შემდგარიყო დიმიტრი სანაკოევისა და რუსეთის საგანგებო ელჩის, პოპოვის შეხვედრა თბილისში, რაზეც ამ უკანასკნელმა განაცხადა უარი. მერე მე ვთქვი, ვისარგებლებ ჩემი პირადი კონტაქტებით და შევხვდები-მეთქი. დავურეკე პოპოვს, დავითანხმე, მაგრამ სანაკოევი ისე დაიბოღმა, კაცს ბოდიში მოვუხადე, ვერ შეგხვდებით-მეთქი. გაეცინა, ეგენი სულელები არიანო. ამის შემდეგ დავწერე განცხადება და წამოვედი, მაგათ საქმის კეთება არ უნდოდათ.
დიმიტრი სანაკოევმა ქურთაც დაკარგა და შემდეგ თბილისში ჰყავდა მიშას თბილად. აგვისტოს ომის მერე საქართველოს ბიუჯეტიდან ადმინისტრაციის ანგარიშებზე ირიცხებოდა მილიონობით დოლარი. სხვათა შორის, როდესაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია იქმნებოდა, მაშინ „რესპუბლიკელებს" მოეწონათ, მაგრამ პაატა ზაქარეიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ჰქონდა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება.
მე სრული პასუხისმგებლობით და კატეგორიულად ვაცხადებ: ეს ადმინისტრაცია იყო მკვდრადშობილი წარმონაქმნი, რომელსაც სერიოზული საქმე არასოდეს გაუკეთებია. სად წავიდა, ხალხო, მილიონები? დავაჯამოთ, 2006 წლიდან მოყოლებული, სადღაც 150 მილიონამდე წასულია მავანთა ჯიბეებში", - განაცხადა მაია ცაბოშვილმა.