კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის კლება უკვე საგანგაშო ზღვრამდე მიდის.
„მეგობრებო, ჩვენ ვართ ომში, რომელიც ერთი შეხედვით კლასიკურ ომს არ გავს, მაგრამ თავისი მეთოდებით, სივერაგით, წყალქვეშა კლდეებით, ფარულობით, ყურადღების ათას რამეზე გადატანის ხერხებით - იქნება ეს ჩვენივე გონებრივი სიმჩატის, თუ სხვა რამ მიზეზის გამო - იგი ყველა აქამდე წარმოებულ ომზე უარესი და სახიფათო მგონია.
რასაც აქ ვწერ, შეთქმულების თეორია არ არის. ეს უბრალოდ ისაა, რაც პოსტსაბჭოთა ეპოქამ და ახლანდელმა მსოფლიომ მოიტანა. მოწინააღმდეგე არც ჩანს - ეს უბრალოდ დროა, თანამედროვე ცხოვრებაა და შედეგად ისეთ რეალობას ტოვებს, რასაც გაეცნობით:
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგად 3 713 804 ადამიანს შეადგენს.
აქედან 1 772 864 კაცი და 1 940 940 ქალია.
მოსახლეობის რაოდენობა წინა 2002 წლის აღწერასთან შედარებით 15%ით ნაკლებია. ვფიქრობ, დინამიკა თვალსაჩინოა.
აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 2 122 623 ადამიანი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ 1 591 181 ადამიანი შეადგინა.
ნუ გვეგონება, რომ ეს გეოპოლიტიკურად, სტრატეგიულად, და სხვა ბევრი თვალსაზრისით ესოდენ საინტერესო ტერიტორია ჩვენ განგებამ თავისი თამასუქით და ნოტარიალური ბეჭდით სამუდამოდ დაგვიმტკიცა.
ეს ყოველივე პერსპექტივაში დიდი ხიფათის შემცველია როგორც ქართული სახელმწიფოსთვის, ისე ქართველი ერისთვის. ეს ის თემაა, რამაც წესით ყველა უნდა გაგვაერთიანოს, რომელ ბანაკსაც და შეხედულებათა სისტემას (ან უსისტემობას) არ უნდა ვიზიარებდეთ."