logo_geo
eng_logo
გიორგი კეკელიძე მარი ბურდულზე: ისე მიპასუხა, როგორც სიკვდილთან შეგუებულმა და თანაც სიცოცხლეზე შეყვარებულმა...
- +

4 აპრილი. 2018. 10:09

 

ილიაუნის თანამშრომელი მარი ბურდული დიდხანს ებრძოდა მძიმე სენს, მაგრამ უშედეგოდ. ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მარის სამი ტყუპი ვაჟი დარჩა ობლად. ის 34 წლის იყო.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე და მარი ბურდული სტუდენტობის დროს მეგობრობდნენ. გიორგიმ მეგობარზე სოციალურ ქსელში დაწერა:

 

„ტვინი რაღაც გამოცდილ ფრაზებს ეძებს: „მარი ჩემი მეგობარი იყო, ადრე, სტუდენტობის წლებში“, „მარი არ მომკვდარა, მან სიკვდილზე გაიმარჯვა“, „მარი გმირი დედაა“ და სხვა მრავალი.  ხოლო დაწერით, იმიტომაც უნდა დავწერო, რომ მარი ბურდული ლიტერატურამ გამაცნო. წერამ.

 

ორიათასიანი წლების დასაწყისში, უნივერსიტეტში, რამდენიმე სტუდენტი, ძალიან ხშირად ვიკრიბებოდით, ერთმანეთს ნაწერებს ვაკითხებდით და მერე, ოთხმოცდამეცამეტე აუდიტორიაში სხვებსაც ვანდობდით. მერე იყო ჟურნალი „ლ’ილ“. მერე ცხოვრება სხვადასხვა გზით გაემართა და ამ, ვირტუალური გზითაც, სადაც რამდენჯერმე, ფრაგმენტულად მივწერეთ ერთმანეთს და ის მძიმე წლები ღიმილით მოვიგონეთ.

 

მერე ანა კვანჭილაშვილმა მომწერა, მარი მძიმედ არის ავადო. ასეთ ამბებს, მით უფრო თუ ახალგაზრდას მიემართება, გული უცნაურად იკარებს – თან ელდაა, თან ზუსტად იცი, რომ გაიმარჯვებს. ახლა ხომ ოცდამეერთე საუკუნეა. მედიცინა წინ მიიწევს. ჰოდა, გაიმარჯვებს. იმან ხომ გაიმარჯვა, ამან ხომ გაიმარჯვა. და ასე შემდეგ. შეიძლება ამით გული თავსაც იცავს.

 

მოკლედ მარის მივწერე. ისე მიპასუხა, როგორც სიკვდილთან თან შეგუებულმა და თანაც სიცოცხლეზე შეყვარებულმა. რომ მეუღლე და შვილები არ მისცემენ წასვლის უფლებას. მაგრამ. ეს „მაგრამ’’ ყველგან იგრძნობოდა.

 

, პოეტურად. მერე ისევ ანამ მომწერა. რამდენიმე პატარა აქცია გავმართეთ ჩვენთან მარისთვის. უმნიშვნელო. მერე, გეტყვით გულწრფელად, მარი აღარ გამხსენებია – ან იცით, როგორ მახსენდებოდა – როგორც გამარჯვებული. რადგან მარი აღარ ჩანდა. არც ის მისი შარშანდელი ღია წერილი წამიკითხავს. გუშინ გამომიგზავნეს სიკვდილის ცნობასთან ერთად. გუშინაც გამიჭირდა. დღეს მოვიკირბე ძალა და შევძელი. შევძელი და მივხვდი – ეს წერილი მარიზე არ არის. მარი არ წერს საკუთარ თავზე. შეიძლება მაშინ წერდა, მაგრამ ახლა ამ წერილმა სხვა ფორმა მიიღო, სხვა ძალა, სხვა უნარი.

 

შეიძლება შენ ამ წერილით სიტყვებს აჯობე, მარი. ამაზე დიდი ჯობნა მე არ ვიცი. მაგრამ ეს ამბავი არ არის დამარცხების ამბავი. და არც გამარჯვების ამბავია – როგორც ახლა ხშირად წერენ. კარგია ასე თქმაც, განა ცუდია – იმედებს ეპოტინება. მაგრამ შენ ხო იცი, მეც და სხვებმაც – ეს გამარჯვების ამბავი აღარაა.

 

შენ წახვედი. ეს ამბავი სხვებისთვის წერია – ჩემთვის და მათთვის, ვინც ცოცხლები ვართ. რომ სიცოცხლე შევამჩნიოთ, სიცოცხლე დავაფასოთ და შევიყვაროთ. შენ ეს შეძელი. შენ დამარცხდი და ჩვენ გაგვამარჯვებინე. თუნდაც იმ ხუთი წუთით, როცა ვკითხულობდით. ის ხუთი წუთი მაინც ვხვდებოდით, რომ ჩვენი ყოვედლღიური დარდი ისე ფერმკრთალია, ისე საცოდავი.

მადლობა მარი! შენ ბევრი უნდა გიცნობდეს დღეიდან. განა შენთვის. საკუთარი თავის გამო”, - წერს კეკელიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner