logo_geo
eng_logo
„გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს“
- +

4 აპრილი. 2018. 10:47

 

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა, ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობა წარმოადგენს.

 

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მიმდინარე წლის 22 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის უკანონო დაკავება მოჰყვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს სიმართლე და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესები ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არაოფიციალური ანექსიის პოლიტიკას ეტაპობრივად ახორციელებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დადებული „მოკავშირეობის“ ე.წ. შეთანხმებების პრაქტიკული განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებით ხაზგასასმელია 2017 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი „საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნა, ქ. სოხუმში 2017 წლის პირველ ნოემბერს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პუნქტის გახსნა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლის ფაქტები. 2017 წლის 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გამართული უკანონო „რეფერენდუმის“ შედეგად კი, ცხინვალის რეგიონს სახელწოდება შეეცვალა და რუსეთის ფედერაციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის („ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია“) მსგავსად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა-სახელმწიფო ალანია“ დაერქვა, რაც ცხინვალის რეგიონის რუსეთთან ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას და საქართველოს სახელმწიფოებრივი სივრციდან მის სრულად მოწყვეტას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner